ნატა მურვანიძე საგანგებო განცხადებით

2 days ago 5

თეატრისა და კინოს მსახიობი ნატა მურვანიძე აცხადებს, რომ დღეს თეატრი არის ციხე:

“თეატრი სახელმწიფოს პატარა მოდელია. თეატრით იზომება სახელმწიფო სად არის, რა მდგომარეობაშია. შეიძლება სხვა სფეროშიც ხდება ეს, მაგრამ თეატრი ხმამაღლა საუბრობს და მისით პულსი იზომება, ვვითარდებით, ცოცხლები ვართ, თუ წვეთოვანზე შეერთებულები.

მახსოვს ერთხელ, ბევრი წლის წინ, ვიღაც მოგვავლინეს ევროპიდან პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრების მდგომარეობის და პირობების შესამოწმებლად. შეიყვანეს გარემონტებულ ნაწილში, რასაკვირველია, გაკრიალებული იყო ყველაფერი, სისუფთავე, სიმშვიდე, დაბანილ-კმაყოფილი პატიმრები, ყველაფერი წესრიგში იყო. ხელისუფლების წარმომადგენლები კმაყოფილები ჩანდნენ, იცინოდნენ და ციხის უფროსები შეაქეს კიდეც გაწეული სამსახურისთვის, მადლობაც გადაუხადეს. ყველაფერი კარგად იყო რომ არა დასკვნაში დასმული ერთი შეკითხვა და ამ შეკითხვამ და ერთმა ფაქტმა გამოიტანა ის, რაც იქ ხდებოდა: რატომ იყო ასეთი სიჩუმე?

რატომ იყო სიჩუმეო!
გაჩუმებული და დავარცხნილი თეატრი არის დღევანდელი რეჟიმის სახე. მეტი შეიძლება არც მოიკითხო. მეტი შეიძლება აღარც იკვლიო.
დღეს თეატრი იმ პენიტენციურ დაწესებულებას ჰგავს, რომელიც შიშით ხმას ვერ იღებს. მუქარით, სამსახურიდან გაგდების შიშით, თუ პროპაგანდით, რომ ერთმა თეატრმა, ერთმა სპექტაკლმა, თურმე, შეიძლება ისეთი გავლენა მოახდინოს საზოგადოებაზე, რომ ქვეყანა ააყირავოს. ძალიან სასაცილოა. ძალიან.
დღეს გაშავებულია ყველა “არასასურველი” ხელოვანი. დღეს ისეთი დამძიმებულია ჰაერი, რომ გამოსავალი სად არის არ ვიცით. სუფთა, გარემონტებული, გაკრიალებული, ტექნიკურად აღჭურვილი, გამთბარი, გაგრილებული და მკვდარი თეატრი კარს მოგვადგა, სადაც აღარ იხმაურრბენ, აღარ ისაუბრებენ. თეატრის არსი საუბარია, სიტყვაა, აზრია ხმამაღლა გამოხატული.

დღეს თეატრი არის ციხე. ის ციხე დღეს რომ აღარ არის თითქოს. დღეს ციხეში უფრო უსაფრთხოა ყოფნა.
დღეს ციხიდან უფრო თამამი აზრი და ხმა ისმის, ვიდრე თეატრიდან. დღეს მსახიობის, რეჟისორის “თავისუფლებაზე” ყოფნა უფრო საფრთხისშემცველია, რადგან არავინ იცავს, პირიქით საზოგადოების ერთი ნაწილი აქციეს ციხის სადამსჯელო მოქმედების აღმსრულებლებად. დაგეშეს და მტრის ხატად გვაქციეს. დღეს მსახიობები, რეჟისორები, მხატვრები იბრძვიან თავისუფლებისთვის და რა წამს ამას ხმამაღლა გააცხადებენ, უნდა იცოდნენ, რომ ორგანიზებული ძალადობის მსხვერპლი იქნებიან.

რანაირად მოვედით აქამდე? ერთი ნაწილი იბრძვის, ერთიც დეპრესიას მიეცა, ერთიც თბილ და გარემონტებულ შენობაში ჩაბუჟბუჟდა.
თეატრი არის სიტყვა და არა რადიატორი!
თეატრი არის მათრახი და არა კრუასანი!
თეატრი შიმშილია და არა მაძღარი და მოდუნებული ხელოვანი.
თეატრი არის გაცოცხლებული და ხორცშესხმული, ფურცელზე დაწერილი ტკივილის გაცხადება და არა გაზეთი კომუნისტი, სადაც ყველაფერი კარგადაა. სადაც გეგმა სრულდება და სადაც ყველას ესიამოვნება მისვლა.
თეატრი მიწისძვრის შედეგად ნანგრევებიდან ამოხეთქილი სასოწარკვეთილი ხმაა.
თეატრი არის სააზროვნო ველი და ამ აზროვნებას ებრძვიან და ეს ძალიან მალე აზროვნების უვადო პატიმრობით დასრულდება.

რაღაც წიგნს წინ უძღვოდა გოეთეს სიტყვები, არ ვიცი რამდენად ავთენტურია, მაგრამ აზრი ასეთი იყო: “იმისთვის, რომ შექმნა ერი (ნაცია), უნდა შექმნა თეატრი.”
იმისთვის, რომ ერი მოკლა, უნდა გააჩუმო და გაანადგურო თეატრი.”

სრულად წაკითხვა