"ლაშა შერგელაშვილი 2019 წელს წავიდა შსს-დან და 6 წლის შემდეგ იცის, რა განადგურდა და რა არა? ყველა ის მტკიცებულება, რომელიც რელევანტური იყო ამ საქმისთვის, ამოღებულია და დევს სისხლის სამართლის საქმეში - ამას ვერავინ გააქრობს, სანამ სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადა არსებობს", - ასე უპასუხა ჟურნალისტების კითხვას სანდრო დარახველიძემ მისი უწყების ყოფილ თანამშრომელზე, რომელიც სისტემაში 2021 წლის 1 დეკემბრამდე მუშაობდა.
მიუხედავად იმისა, რომ შერგელაშვილის ამ დროისთვის არცერთ სისხლის სამართლის საქმეზე არ აქვს ბრალი წარდგენილი, სანდრო დარახველიძემ ახსენა სუსის გამოძიება და თქვა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მას "ძალიან სერიოზულ დანაშაულს ედავება სახელმწიფოს წინააღმდეგ".
სუსმა 6 დეკემბერს, როცა BBC-ის მიერ მომზადებული ფილმის გამოქვეყნების შემდეგ დაწყებული გამოძიების ერთი ნაწილი დასრულებულად გამოაცხადა, თქვა, რომ შერგელაშვილს შესაძლოა ჰქონდა კავშირი 4 ოქტომბრის საქმეზე ერთ-ერთ ბრალდებულთან, ბექა ჭულუხიძესთან. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შერგელაშვილი არც ქიმიური ნივთიერებების გამოყენების საქმეზე და არც 4 ოქტომბრის საქმეზე არ დაუკითხავს. სისტემიდან წასვლის შემდეგ რამდენიმე თვეში ის უკრაინაში წავიდა და ომის დაწყების შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა.
"რაც შეეხება აღნიშნულ ნივთიერებებთან დაკავშირებულ საკითხს - არაერთხელ განიმარტა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს 2007-2009 წელს ჰქონდა შეძენილი კონკრეტული ნივთიერებები. გაკეთდა განმარტება, თუ რა ნივთიერება იყო. იყო ერთ-ერთი ებრაული კომპანიის მხრიდან შეძენილი. არცერთი მათგანი არ არის აკრძალული. ამაზეც გამოძიებამ გააკეთა შესაბამისი განმარტება. რაც შეეხება კონკრეტულ მტკიცებულებებს, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განმარტა, 160-მდე საგამოძიებო მოქმედებაა ჩატარებული. შესაბამისად, ყველა ის მტკიცებულება, რომელიც რელევანტური იყო ამ საქმისთვის, ამოღებულია და დევს სისხლის სამართლის საქმეში. ამას ვერავინ გააქრობს, სანამ სისხლის სამართლის საქმის მასალების შენახვის ვადა არსებობს", - თქვა დარახველიძემ.
10 დეკემბერს გამოქვეყნებულ რადიო თავისუფლების ინტერვიუში ლაშა შერგელაშვილი გამოთქვამს ვარაუდს, რომ სისტემას შეუძლია, გაანადგუროს ან შეცვალოს მტკიცებულებები ამ საქმეზე.

12 hours ago
4







English (US) ·
Georgian (GE) ·