სახელმწიფოს კუთვნილი სააქციო საზოგადოების მენეჯმენტში განხორციელებული ცვლილებების შესახებ ცნობილი სამეწარმეო რეესტრში 7 მაისს ასახული ცვლილებებიდან გახდა.
- შეცვლილი დავით ფერაძე 2017 წლის 22 ნოემბრიდან იყო რკინიგზის გენერალური დირექტორი. მანამდე ამ პოსტს იკავებდა მამუკა ბახტაძე, რომელიც იმავე წლის 13 ნოემბერს ფინანსთა მინისტრად, 13 ნოემბერს კი პრემიერ-მინისტრად დანიშნეს.
- „საქართველოს რკინიგზაში“ მისვლამდე კი დავით ფერაძე ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებულ „თანაინვესტირების ფონდში“ მუშაობდა.
- კერძოდ, ის იყო ფონდის მიერ დაარსებული „მტკვარი ჰესის“ დირექტორი.
- „მტკვარი ჰესი“ ის ერთ-ერთი პროექტია, რომელთან დაკავშირებითაც, „კრიპტოვალუტების საქმის“ გარდა, პროკურატურას ბრალი აქვს წაყენებული ივანიშვილის ყოფილი „პირადი ფინანსისტისთვის“, გიორგი ბაჩიაშვილისათვის. ბაჩიაშვილი ქვეყნიდან 2 მარტს გაიქცა.
უცნობია, არის თუ არა დავით ფერაძის შეცვლა კავშირში „მტკვარი ჰესის“ საქმის გამოძიებასთან.
პროკურატურის ბრალდების თანახმად „მტკვარი ჰესთან“ დაკავშირებით, გიორგი ბაჩიაშვილს ედავებიან ბიძინა ივანიშვილის „თანაინვესტირების ფონდში“ გენერალური დირექტორის თანამდებობაზე „სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას“.
როგორც ივანიშვილის ადვოკატი თეიმურაზ წიქვაძე აცხადებდა, „მტვარი ჰესის“ მშენებლობა 2014 წელს დაიწყეს და ბიუჯეტად $131 მილიონი განისაზღვრა და 2020 წლისთვის უნდა დაესრულებინათ, თუმცა ბიუჯეტი $235 მილიონამდე გაიზარდა და არ დაუსრულებიათ.
დავით ფერაძე „მტვარი ჰესის“ გენერალური დირექტორი სწორედ 2014 წლის 25 აპრილიდან 2017 წლის 17 ნოემბრამდე იყო.
„საქართველოს რკინიგზის“ სამეთვალყურეო საბჭო 6 მაისს შეიკრიბა და ამ სხდომაზე განიხილა ფერაძის გაშვებისა და აბაშიძის დანიშვნის საკითხი.
სხდომას ესწრებოდნენ სამეთვალყურეო საბჭოს წევრები:
- კონსტანტინე გუნცაძე (თავმჯდომარე)
- გიორგი კაკაურიძე (ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე)
- გიორგი მუსხელიშვილი
- ვასილ ვაშაკიძე
- დავით სამხარაშვილი
რადიო თავისუფლების მოპოვებული სხდომის ოქმის თანახმად, კონსტანტინე გუნცაძემ განაცხადა, რომ 6 მაისს მას დავით ფერაძემ მიმართა და გენერალური დირექტორის პოსტიდან გათავისუფლება ითხოვა და თავადვე წარადგინა ლაშა აბაშიძის კანდიდატურა.
ლაშა აბაშიძე 2013-14 წლებში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იყო, მოგვიანებით კი, დავით ნარმანიას მერობის პერიოდში, თბილისის ვიცე-მერი იყო.