მსოფლიო ბანკის ჯგუფის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის პროექტისთვის საქართველოს 372 მილიონი აშშ დოლარის სესხი გამოუყო მაშინ, როცა საქართველოს ოფიციალური პირები საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისგან რკინიგზისა და გზების მოდერნიზაციისთვის სულ 751 მილიონ აშშ დოლარს ითხოვენ.
ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფანი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც შუა დერეფანი, წარმოადგენს მულტიმოდალურ სატრანზიტო მარშრუტს, რომელიც სამხრეთ კავკასიის, მათ შორის საქართველოს გავლით, ევროპასა და აზიას აკავშირებს. მარშრუტმა, რომელიც გვერდს უვლის რუსეთს, მზარდი ინტერესი გამოიწვია რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრისა და მოსკოვის საერთაშორისო იზოლაციის შემდეგ.
მსოფლიო ბანკის 2 ივნისის პრესრელიზის თანახმად, დაფინანსება ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის – საქართველოს ხელმისაწვდომობისა და ტრანსპორტის გაუმჯობესების პროექტისთვის (TC-GATE) დამტკიცდა. პროექტი დააფინანსებს „ქვეყანაში სარკინიგზო ტვირთების გადაზიდვის სიმძლავრის ზრდას, ძირითადი საგზაო მონაკვეთების მოდერნიზაციას და ასევე, სარკინიგზო და საგზაო უწყებების მიზნობრივ რეფორმებს, რითაც დერეფანში არსებულ ინფრასტრუქტურულ შეფერხებებს შეამსუბუქებს“.
TC-GATE პროექტი, სატრანსპორტო კავშირების გაძლიერებით, კომპანიების, ფერმერებისა და საზოგადოებისთვის ბაზრებთან წვდომის გამარტივებით და ლოგისტიკური ხარჯების შემცირებით, დაახლოებით 900,000 მომხმარებელს პირდაპირ სარგებელს მოუტანს და ხელს შეუწყობს დერეფნის გასწვრივ სამუშაო ადგილების შექმნას ლოგისტიკის, ტრანსპორტის, აგრობიზნესისა და დაკავშირებული სერვისების სფეროებში.
მასშტაბური TC-GATE პროექტის საერთო ღირებულება 750 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ჯამური ღირებულებაა, დაახლოებით, 751 მილიონი აშშ დოლარი, რაც მოიცავს 372 მილიონ აშშ დოლარს მსოფლიო ბანკის ჯგუფისგან, და „პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა 175 მილიონ აშშ დოლარის აზიის განვითრების ბანკისგან (ADB) და 182 მილიონ აშშ დოლარის ოდენობით აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკისგან (AIIB) დაფინანსების მიღების მიმართულებით“. მსოფლიო ბანკმა განაცხადა, რომ თანადაფინანსება მიუთითებს „ძლიერ მრავალმხრივ მხარდაჭერაზე“ როგორც საქართველოს დაკავშირებადობის გაძლიერების ამბიციის, ისე ზოგადად ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის განვითარების მიმართ.
„აღნიშნული ინვესტიციები საქართველოს დაეხმარება თავისი, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი კრიტიკული სატრანზიტო ჰაბის სრული პოტენციალის რეალიზებაში, და ამავდროულად უპასუხებს მზარდ მოთხოვნას ტრანსკასპიურ სატრანსპორტო დერეფანზე, რაც განპირობებულია გლობალური სავაჭრო ნაკადების განვითარებითა და მიწოდების ჯაჭვების დივერსიფიცირების საჭიროებით“, – აღნიშნა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში როლანდ პრაისმა.
„მნიშვნელოვანი სარკინიგზო და საგზაო კავშირების მოდერნიზების და მათი მმართველი უწყებების გაძლიერებისკენ მიმართული რეფორმების მხარდაჭერით, მსოფლიო ბანკის ჯგუფი, განვითარების პარტნიორებთან ერთად, ეხმარება საქართველოს და დერეფნის გასწვრივ მდებარე სხვა ქვეყნებს, შექმნან ხელშესახები სარგებელი მოქალაქეებისთვის, უკეთესი სატრანსპორტო კავშირების, უფრო უსაფრთხო და მდგრადი ტრანსპორტის, მეტი სამუშაო ადგილებისა და უფრო ძლიერი ეკონომიკური შესაძლებლობების გზით“, – დასძინა მან.
პროექტის დეტალები
მსოფლიო ბანკის თქმით, პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოს სარკინიგზო სერვისების მოდერნიზაციას „ახალი, ენერგოეფექტური ელექტროლოკომოტივების დაფინანსებით, რომლებიც ჩაანაცვლებს მოძველებულ პარკს და გააძლიერებს სს „საქართველოს რკინიგზის“ ოპერაციულ ეფექტიანობას, ფინანსურ მდგრადობას და მართვას“. ეს განახლებები გააუმჯობესებს ლოკომოტივების ხელმისაწვდომობას 95%-მდე, გადამზიდავებისთვის აამაღლებს მომსახურების საიმედოობას, და გაზრდის შემოსავლებს 20%-ით; ასევე ხელს შეუწყობს სარკინიგზო აქტივების საექსპლუატაციო ვადის განმავლობაში გამონაბოლქვის წმინდა შემცირებას 2.3 მილიონი ტონით. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, პროექტს სს „საქართველოს რკინიგზა“ და საავტომობილო გზების დეპარტამენტი განახორციელებს.
პროექტი ასევე ითვალისწინებს ინვესტიციებს კახეთის საგზაო ინფრასტრუქტურაში. ის დააფინანსებს ავტომაგისტრალის ორი ოთხზოლიანი მონაკვეთის მშენებლობას კახეთში, კერძოდ, ბადიაური-ჩალაუბანი-ბაკურციხის მონაკვეთებს, ისევე როგორც გურჯაანისა და თელავის დამაკავშირებელ გზას. მსოფლიო ბანკის პრესრელიზის თანახმად, „აღნიშნული დაახლოებით 43 წუთით შეამცირებს მგზავრობის დროს თელავსა და ფოთის საზღვაო პორტს შორის და აამაღლებს საგზაო უსაფრთხოების სტანდარტებს. კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგობის ამაღლების სტანდარტების გათვალისწინებით, საგზაო სამუშაოებში გამოყენებული იქნება ღონისძიებები, რაც შეამცირებს წყალდიდობითა და მეწყრული პროცესებით გამოწვეულ შეფერხებებს, რითაც გაზრდის წლის განმავლობაში ადამიანებისა და ტვირთებისთვის ბაზრებზე წვდომის საიმედოობას“.
პროექტი, საქართველოს საგზაო სექტორის ინსტიტუციური გაძლიერებისთვის, ხელს შეუწყობს „საგზაო აქტივების მართვის გაციფროვნებას და ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემების გამოყენებას, ავტომაგისტრალების კონტროლის ეროვნული ცენტრის (NHCC) შექმნით, კლიმატისადმი მედეგი სისტემების დანერგვით და გრძელვადიანი ფისკალური მდგრადობის მხარდაჭერით“.
„ახალი პროექტის საშუალებით საქართველო აძლიერებს თავის, როგორც საიმედო და კონკურენტული დამაკავშირებლის როლს ევროპასა და აზიას შორის. საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ჩვენ ვისწრაფვით ავაშენოთ თანამედროვე სატრანსპორტო ქსელი, რომელიც რეგიონს მომდევნო ათწლეულების განმავლობაში მოემსახურება“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.
„ეს ინვესტიციები მნიშვნელოვანია არა მარტო ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად, არამედ მზარდი საერთაშორისო სავაჭრო ნაკადების და უფრო დივერსიფიცირებული, დაცული მიწოდების ჯაჭვების მხარდასაჭერადაც, რამდენადაც საქართველოს რკინიგზის და საგზაო კავშირების განახლება გააუმჯობესებს შუა დერეფნის ეფექტიანობას და გააძლიერებს რეგიონული კავშირების მდგრადობას“, – დასძინა მან.
This post is also available in:

4 hours ago
5







English (US) ·
Georgian (GE) ·