მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“ პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბდა

2 months ago 23

პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“ პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბდა. პარტიის ყრილობა 8 მარტს გაიმართა.

პოლიტიკურმა მოძრაობამ, რომელიც 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე დაარსდა და კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ფარგლებში იყრიდა კენჭს, განაცხადა, რომ ახლა ის დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალა იქნება.

„ჩვენ ვიყავით საარჩევნო კოალიციაში და ამაყები ვართ, ახლა ჩვენ ვაგრძელებთ დამოუკიდებელ განვითარებას“, – განაცხადა პარტიის ლიდერმა ლევან ცუცქირიძემ ყრილობის შემდეგ. მანამდე არსებული პოლიტიკური მოძრაობაც სწორედ ცუცქირიძემ დააარსა.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერის სიმონ ჯანაშიას თქმით, პარტიის პრიორიტეტული საკითხები სამართლიანობა, უსაფრთხოება და თავისუფლება იქნება.

სამართლიანობის შესახებ საუბრისას, მან ხაზი გაუსვა არადისკრიმინაციული კანონების აუცილებლობას, რომელიც „მიმართულია საზოგადო კეთილდღეობისკენ და არა კონკრეტული ადამიანების ძალაუფლების გასაზრდელად“. ამასთან, მან ხაზი გაუსვა დამოუკიდებელი ინსტიტუტების, მათ შორის პოლიციის, პროკურატურის და სასამართლოს მნიშვნელობას ამ კანონების დაცვის საქმეში.

უსაფრთხოების კუთხით ჯანაშიამ ხაზი გაუსვა როგორც ეროვნული, ისე ინდივიდუალური უსაფრთხოების გაძლიერების აუცილებლობას, ამ უკანასკნელის განსაკუთრებით სოციალური დაცვის სისტემის მეშვეობით.

ჯანაშიამ ასევე განაცხადა, რომ თავისუფლებაზე ზრუნვა პარტიის მესამე პრიორიტეტია. „თავისუფლებაში ჩვენ არა მხოლოდ ტირანიისგან დაცლილ ყოფას ვგულისხმობთ, არა მხოლოდ არასასურველ რეგულაციების ნაკლებობას, არამედ იმ აუცილებელი საწყისი პირობების არსებობასაც, რასაც შეუძლია უზრუნველყოს იმ შემოქმედებითი, სულიერი, ეკონომიკური, კულტურული საყრდენებით, რის საფუძველზეც შეგვიძლია ჩვენი და ჩვენი თანამოქალაქეების ცხოვრება უკეთესი გავხადოთ“, – აღნიშნა მან.

This post is also available in: English (ინგლისური)

სრულად წაკითხვა