მოუსმინეთ, იამაყეთ, გიყვარდეთ უპირობოდ …

1 day ago 7

შვილი არ ითხოვს გაჩენას. კარგად დაუფიქრდით ამ წინადადებას! შვილი არ ითხოვს საკუთარ გაჩენას. შვილის ყოლა არის მშობლების სუფთა წყლის ეგოისტური აქტი. და ამაში a priori არაფერია ცუდი.

მშობლებს უნდათ შვილი მრავალი მიზეზის გამო და ყველა ეს მიზეზი უკავშირდება მათ ნებას, სურვილს, წამოდგენებს, ოცნებებს, ტრადიციებს, ნორმებს.

მაგრამ შვილი რგორც კი ჩნდება, ის არის მესამე, დამოუკიდებელი, ავტონომიური პიროვნება და არავითარ შემთხვევაში მშობლების საკუთრება, მათი არ/ვერ რეალიზებული სურვილების და ოცნებების ახდენის ვალდებული, ან ამის გარანტი!

ძალიან ხშირია, როცა შვილი დაჰყავთ მუსიკაზე იმიტომ, რომ დედის ან მამის ვერ მიღწეული მსოფლიო პიანისტობა შვილმა შესძლოს. არადა ამ შვილს არავინ ეკითხება, უნდა თუ არა ან მუსიკა, ან სცენა ან მსოფლიო კარიერა. და ამის მაგალითები ულევია, საუბედუროდ.

ეს არის შვილის ინსტრუმენტალიზება, პრივატიზაცია, მისი დათრგუნვა, მისი დაავადებაც კი.

ეს არ არის შვილის უპირობო სიყვარული, რაც მშობლების უპირველესი, ასევე უპირობო მოვალეობაა.

შვილს აუცილებლად უნდა ჰქონდეს მუდამ იმის შეგრძნება, რომ არის ადგილი, სადაც ის ყოველთვის ისეთი უყვართ, როგორიც არის, ანუ უპირობოდ.

ეს შეიძლება სხვა ადამიანებისთვის თქვენი შვილის გარემოში ნებაყოფლობითი, არჩევითი იყოს. თქვენ კი, როგორც მშობელს, ამ უპირობო სიყვარულის და ზურგის გამაგრების 100% ვალდებულება გაქვთ, რადგან ეს ვალდებულება შვილის ყოლის უფლების მედლის მეორე მხარეა.

ძალიან გთხოვთ, მოისმინეთ და პატივი ეცით თქვენი შვილების ინდივიდუალობას!

იამაყეთ, რომ ისინი ყველაფერში ბრმად არ არიან თქვენი აზრის, რომ არიან განსხვავებული შეხედულებების, მსოფლმხედველობის, გემოვნების, მგრძნობელობის, ჰორიზონტის, სიყვარულის … და საკუთარი გზის გავლა სურთ, რომ იყვნენ ის, რაც და ვინც მათ უნდათ და არა მშობლების არაფრის მთქმელი, შავთეთრი, უსიცოცხლო და უბედური ასლები.

დარწმუნებული ვარ, ყველას ერთი გვინდა: ბედნიერი, თვითრეალიზებული, “მრავალცხვირგატეხილი” და თვითნაპოვნი, თვითმყოფადი, ბედნიერი შვილები, მომავალი თაობა, იმედი, წინსვლა.

ჯანმრთელობას, სულიერ სიმშვიდეს და გახსნილ გონებას გისურვებთ!

თქვენი ჰაუსი

სრულად წაკითხვა