რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასი“ დღეს, 2 ოქტომბერს წერს, რომ მოსკოვის გოლოვინოს რაიონის სასამართლომ გამომძიებლების შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ტელეკომპანია „დოჟდის“ წამყვან ეკატერინა კოტრიკაძეს აღკვეთის ზომად დაუსწრებლად შეუფარდა ორთვიანი პატიმრობა „რუსეთში მისი ექსტრადიციის ან რუსეთის ტერიტორიაზე დაკავების მომენტიდან".
რუსეთის ხელისუფლება ჟურნალისტს ადანაშაულებს არმიის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში. პუტინის ხელისუფლება სისხლის სამართლის კოდექსის ამ მუხლით დევნის უკრაინაში ომის მოწინააღმდეგეებს.
რუსეთის შსს-ს ეკატერინა კოტრიკაძე ძებნილად ჰყავს გამოცხადებული.
განახლება: მოსკოვის სასამართლომ დაუსწრებლად პატიმრობა მიუსაჯა „დოჟდის“ ჟურნალისტ ვალერია რატნიკოვასაც. ისიც „უცხოეთის აგენტადაა“ გამოცხადებული და კოტრიკაძის მსგავსად, ბრალად ედება რუსული არმიის შესახებ ე.წ. ფეიკების გავრცელება.
თბილისში დაბადებული ეკატერინა კოტრიკაძე, რომელიც საქართველოს და რუსეთის მოქალაქეა, სხვადასხვა დროს მუშაობდა ქართულ და რუსულ ტელეკომპანიებში. 2020 წლიდან არის დამოუკიდებელი ტელეარხის, „დოჟდის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი და წამყვანი.
უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ რუსეთის ხელისუფლებამ „დოჟდი“ გამოაცხადა „არასასურველ ორგანიზაციად", არხის არაერთი ჟურნალისტი კი -„უცხოეთის აგენტად".
ტელეარხმა რუსეთიდან მაუწყებლობა შეწყვიტა და ლიცენზია ჯერ ლატვიისგან, ამ ლიცენზიის გაუქმების შემდეგ კი ნიდერლანდისგან მიიღო. ამჟამად „დოჟდის“ რედაქცია ამსტერდამიდან საქმიანობს.