ბოლო 32 წლის განმავლობაში მოსკოვიდან სოხუმში პირველად შესრულდა რეგულარული სამოქალაქო ავიარეისი.
ვნუკოვოს აეროპორტიდან ავიაკომპანია UVT aero-ს თვითმფრინავს დე-ფაქტო პრეზიდენტი ბადრა გუნბა და რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე სერგეი კირიენკო დახვდნენ. UVT aero ერთ-ერთია უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ევროკავშირის მიერ სანქცირებულ რუსულ ავიაკომპანიებს შორის.
მოსკოვიდან პირველ რეგულარულ რეისს წინ უსწრებდა საცდელი ფრენა და ოკუპირებულ სოხუმში აეროპორტის გახსნის ცერემონიალი - ეს შენობა აფხაზეთის პირველი დე-ფაქტო პრეზიდენტის ვლადისლავ არძინბას სახელი აქვს მინიჭებული.
საქართველოს საპროტესტო ნოტა არ გაუგზავნია რუსეთში ოკუპირებულ აფხაზეთთან რეგულარული სამოქალაქო ფრენების განახლების გამო. ვიცეპრემიერმა ლევან დავითაშვილმა დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებთან თქვა, რომ სოხუმის აეროპორტში რუსეთიდან ფრენების აღდგენა "საქართველოსთვის მიუღებელია."
რაც შეეხება შეკითხვას, ხომ არ განიხილავს საქართველოს ხელისუფლება იმ რუსული ავიაკომპანიების მიმართ საპასუხო ზომების მიღებას, რომლებიც ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის შემდეგ დაფრინავენ თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში, უპასუხა, რომ "კომპანიები, რომლებიც არღვევენ ოკუპაციის შესახებ კანონს, საქართველოში ვერ იოპერირებენ".
სოხუმიდან 18 კილომეტრში მდებარე აეროპორტი, რომელიც 1950-იან წლებში ააშენეს, 1990-იანი წლების საომარი მოქმედებების და აფხაზეთზე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლის დაკარგვის შემდეგ, 1993 წელს დაიხურა.
საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილების საფუძველზე, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას სოხუმის აეროპორტის კოდი ანულირებული აქვს.