მოსამართლე სახელაშვილმა მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა

1 week ago 15

მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ონლაინგამოცემების „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა. განჩინება ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს, 28 აპრილს გამოცხადდა.

„სასამართლომ პირველი წარდგენის სხდომაზეც ნამდვილად ყურადღება გაამახვილა ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეზე. ასევე, მტკიცებულებათა განადგურების საფრთხეზე. სასამართლომ პირველ სხდომაზე არ გაიზიარა პოზიცია მიმალვის საფრთხესთან დაკავშირებით.

დღეის მდგომარეობით ჩვენ სახეზე არ გვაქვს მტკიცებულებათა განადგურების საფრთხე, თუმცა მომეტებულად გვაქვს ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. აღნიშნული განპირობებულია თავად დანაშაულის ხასიათიდან, სიმძიმიდან, სპეციფიკიდან გამომდინარე... სასამართლო მსჯელობს მინიმალური დასაბუთებულობის ვარაუდის სტანდარტით“, - თქვა მოსამართლემ.

„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორი თითქმის ოთხი თვეა პატიმრობაშია. ამაღლობელი 11 იანვარს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს, შემდეგ კი გამოუშვეს და რამდენიმე საათში, - უკვე 12 იანვარს, - ხელახლა დააკავეს, ამჯერად სისხლის სამართლის წესით, პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო, რაც იურისტების შეფასებით, საქმის გარემოებებთან შეუთავსებელია და მხოლოდ პოლიტიკურ მოტივზე მიანიშნებს.

პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი დაკავებიდან 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა. შიმშილობის 24-ე დღეს იგი კლინიკაში გადაიყვანეს და ციხეში მხოლოდ შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ დააბრუნეს.

სრულად წაკითხვა