WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

16

დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, პოლიციამ ერთი პირიდ დააკავა – ქალს ბრალად განსაცდელში მიტოვება ედება. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულის სახით დაკავებული უცხო ქვეყნის მოქალაქე და დაურ ბუავა მეგობრები იყვნენ. ისინი თბილისში, დიდ დიღომში, დაურ ბუავას დროებით საცხოვრებელ ბინაში ერთად იმყოფებოდნენ, სადაც  მოიხმარეს ნარკოტიკული საშუალება, რის შემდეგაც ორივე მათგანი შეუძლოდ გახდა.

ბრალდებულის გამოკითხვის შედეგად ირკვევა, რომ შეუძლოდ მყოფი დაურ ბუავა, რომელიც იმყოფებოდა კრიტიკულად მძიმე და სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში, მან მარტო დატოვა. კერძოდ, ბრალდებულმა საცხოვრებელი ბინის კარი მეორე გასაღებით გარედან ჩაკეტა და შემთხვევის ადგილიდან წავიდა ისე, რომ მომხდარის შესახებ არავისთვის უცნობებია და დაურ ბუავას დასახმარებლად არავისთვის მიუმართავს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე – თვითმკვლელობამდე მიყვანისა და 128-ე – განსაცდელში მიტოვების მუხლებით მიმდინარეობს, საქმეზე გრძელდება შესაბამისი კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებები.

შეგახსენებთ, რომ აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა რამდენიმე წლის წინ მიიღო, თბილისში გარდაცვლილი იპოვეს. მეზობლების თქმით, კორპუსში გაუსაძლისი სუნი იყო, რის შემდეგაც ადგილზე სამსაშველო და საპატრულო გამოიძახეს. ბინაში შესულ სამართალდამცველებს დაურ ბუავა სავარაუდოდ რამდენიმე დღის გარდაცვლილი დახვდათ.