მთავარი ვარსკვლავით თუ მის გარეშე - ეყოლება თუ არა ესპანეთს იამალი საქართველოსთან

1 week ago 7

საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ოქტომბერში კიდევ ორ შეხვედრას გამართავს, ერთ-ერთი აქედან კი ესპანეთთან სტუმრად, 11 რიცხვში გაიმართება.

დღეის მონაცემებით, არსებობს რეალური შანსი იმისა, რომ ლუის დე ლა ფუენტეს გუნდს მთავარი ვარსკვლავი და 2025 წლის ოქროს ბურთის მეორეადგილოსანი, ლამინ იამალი არ ჰყავდეს, რომელიც დაზიანების გამო უკვე 3 მატჩია ბარსელონას ვერ ეხმარება.

AS-მა დაწერა, რომ ბარსა 18 წლის ფეხბურთელის დაბრუნებას უფრო 1 ოქტომბრისკენ, პსჟ-ის წინააღმდეგ ელის, მაგრამ გარანტირებული არაფერი იქნება და შესაძლოა, კლუბმა გარისკვაზე უარი თქვას.

თავის მხრივ, თუ იამალის მდგომარეობა საეჭვო იქნება, არის შანსი, რომ ბარსელონამ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართოს, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი ნაკრებში არ გამოიძახონ, რათა ლამინმა დასვენება და მომჯობინება უპრობლემოდ შეძლოს. ასეთი რამ პრაქტიკაში აქამდე არაერთხელ ყოფილა, ესპანეთის ეროვნული ნაკრები კლუბებთან, განსაკუთრებით კი ბარსელონასთან და რეალთან აქტიურად თანამშრომლობს, რათა მოთამაშეებმა სრულ ფიზიკურ მზადყოფნაში შეძლონ თამაში.

მოკლედ, უკანასკნელი ცნობებით, იამალი კიდევ 2 შეხვედრა ვერ დაბრუნდება, რაც საერთოდ არ გამორიცხავს იმას, რომ ესპანეთს საქართველოსთან თამაში მთავარი ვარსკვლავის გარეშე მოუწიოს.

სრულად წაკითხვა