21 აპრილს, დაარსებიდან 13 წლის იუბილის აღსანიშნავად, „ქართულმა ოცნებამ“ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც „შეუქცევადი განვითარებისა“ და დემოკრატიული წისვლის პერიოდზე გაამახვილა ყურადღება იმ ფონზე, როდესაც ოპონენტები რეპრესიების ზრდაზე, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებაზე, ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის მკვეთრ გაუარესებასა და მზარდ სოციალურ პრობლემებზე მიუთითებენ.
პარტიის პოლიტსაბჭოს მიერ გავრცელებული განცხადება 2012 წელს მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მიერ „ქართული ოცნების“ დაარსებას იხსენებს, როდესაც მან „გადამწყვეტი ბრძოლა გამოუცხადა ქვეყანაში დამყარებულ სისხლიან დიქტატურას“.
განცხადებაში ნათქვამია, რომ წინა რეჟიმის დამარცხების შემდეგ, საქართველო „მყარად დაეფუძნა დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის პრინციპებს, ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს და შეუქცევადი განვითარების რელსებზე დადგა“.
განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში „ქვეყანას ომი არ ჰქონია“. „ამ მხრივ, განსაკუთრებით რთული იყო გასული 3 წელიწადი, როდესაც საქართველოს მეორე ფრონტად ქცევის პირდაპირი საფრთხე შეექმნა, თუმცა, უმძიმესი ზეწოლისა და შანტაჟის მიუხედავად, ხელისუფლება ამ გამოწვევასაც ღირსეულად გაუმკლავდა და უმკლავდება, საზოგადოება კი ხედავს, რომ ვერავითარი მუქარა და შანტაჟი, ვერავითარი სანქციები და განცხადებები ვერ აიძულებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, საქართველო ომის ქარ-ცეცხლში გახვიოს, რაც ჩვენს ქვეყანას განადგურებას მოუტანდა“, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს ეკონომიკა გასული 4 წლის განმავლობაში, საშუალოდ, 9.7%-ით იზრდებოდა და 2012 წლის შემდეგ გასამმაგდა. მმართველი პარტია მსოფლიო ბანკის მონაცემებს იშველიებს და აცხადებს, რომ 2012 წლის შემდეგ საქართველოში სამჯერ შემცირდა სიღარიბის მაჩვენებელი და 700 ათასამდე ადამიანმა დაძლია სიღარიბე. „ლარის კურსი საიმედოდ სტაბილურია, 60-დან 36,4 პროცენტამდე შემცირდა ქვეყნის საგარეო ვალი“, – ნათქვამია განცხადებაში.
პარტიამ ასევე ხაზი გაუსვა სოციალური კეთილდღეობის რეფორმებს, მათ შორის საყოველთაო ჯანდაცვის დანერგვას და მოწყვლადი ჯგუფებისთვის მხარდაჭერის გაფართოებას, რითიც „აღიკვეთა სოციალური დახმარების პოლიტიკური ინტერესების მიხედვით განაწილების პრაქტიკა“.
რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, მმართველმა პარტიამ აღნიშნა, რომ საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე „ყველა ხელშესახებ პროგრესს“ სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მიაღწია, რომელთაც შორის ასოცირების ხელშეკრულებისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერა, ასევე უვიზო რეჟიმი და ევროკავშირის კანდიდატის ქვეყნის სტატუსის მოპოვება დაასახელა.
თუმცა, პარტიამ „ევროპული ბიუროკრატია“ საქართველოს წინააღმდეგ „შანტაჟისა“და ხელისუფლებაში „არადემოკრატიული ძალების დაბრუნების მცდელობაში“ დაადანაშაულა. „ჩვენი პოლიტიკური გუნდი ყველა გამოწვევას ღირსეულად გაუმკლავდება და საქართველო 2030 წლისთვის დაანონსებულ ევროკავშირის გაფართოებას ყველა კანდიდატ ქვეყანაზე უკეთ მომზადებული შეხვდება“, – ნათქვამია განცხადებაში.
„საქართველო დღეს არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს“, – განაცახდა მმართველმა პარტიამ და პირობა დადო, რომ ის „მომავალშიც განუხრელად დაიცავს სამშობლოს, ეკლესიას და ეროვნულ ფასეულობებს!“
ასევე წაიკითხეთ:
- 21/03/2025 – CMIS: საპროტესტო აქციების დროს გზის გადაკეტვისთვის 17 ჟურნალისტი დააჯარიმეს
- 19/03/2025 – საია: აქციის მონაწილეებისთვის დაკისრებული ჯარიმები შეკრებისა თავისუფლების უფლების მძიმე დარღვევაა
- 03/03/2025 – „ქართული ოცნების“ პარლამენტმა პირველი მოსმენით რამდენიმე რეპრესიული კანონპროექტი მიიღო
- 01/10/2022 – ქართული ოცნება: „დღეს ქართული სახელმწიფო არის სუვერენული, როგორც არასდროს“
This post is also available in: English (ინგლისური)