ტელეკომპანია "იმედის“ ეთერში სპეციალურ მიმართვაში, მსახიობი ნანა ლორთქიფანიძე ამბობს, რომ მას და მის ორსულ ქალიშვილს პირად შეტყობინებებში ემუქრებიან და აპირებს ამ ადამიანების წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანოს.
ნანა ლორთქიფანიძე:
ბოლო დროს ძალიან გახშირდა და რაღაც სეგმენტში ტრენდულიც კი გახდა დეზინფორმაციის გავრცელება და ადამიანისთვის ტყუილის დაბრალება, ცილისმწამებლური კამპანიების აგორება და რაც მთავარია, მეც ვარ ერთ-ერთი მსხვერპლი ამგვარი ცილისწამების. ამას უკვე მივეჩვიე, რომ მეც და ჩემს ოჯახსაც გაფართოებული თვალებით, ჩასაფრებულები, გამადიდებელი შუშით გვაკვირდებიან და გვიყურებენ, მაგრამ ახლა ხდება ის, რომ პირდაპირ და ხელაღებით მაბრალებენ და ავრცელებენ, რომ მე ვარ სუს-ის მიერ დაქირავებული ტროლი.
თითქოს სოციალურ ქსელებშიც სხვა სახელს და გვარს ვარ ამოფარებული. ეს კამპანია დიდი ხანია გრძელდება ჩემს წინააღმდეგ, თუმცა განსაკუთრებულად გამწვავდა ბოლო პერიოდში, ბოლო დღეებში და გამოიყენეს ჩემს დაბადების დღეზე გადაღებული ვიდეო, სადაც ჩემი მეგობრები მადღეგრძელებენ და ხუმრობით იმ ქალბატონის სახელით მომმართავენ, გაგიმარჯოსო - მეუბნებიან, რადგან სწორედ იმ დღეებში გავიგეთ რასაც მაბრალებდნენ.
ჯერ მართლა სასაცილოდ არ მყოფნიდა, ამაზე ვხუმრობდით მე და ჩემი მეგობრები და დაბადების დღესაც კი მილოცავდნენ, ამ ქალბატონის სახელით მომმართავდნენ, მაგრამ თანდათან მიიღო ამან ძალიან სერიოზული სახე და დაიწყეს უკვე სტატუსების წერა, პირდაპირ ხელის დადება, რომ თითქოს ასი პროცენტით იციან, რომ ვარ სუს-ის მიერ დაქირავებული ტროლი, ეს ბრალდებები სოციალურ ქსელში არამარტო სტატუსებშია, კომენტარებშიც კი ერთმანეთთან საუბრობენ, კი, კი, უკვე დადგინდა, რომ ეს ნამდვილად ნანაა.
პირდაპირ გვწერენ პირადში მეც და ჩემს ფეხმძიმე ქალიშვილს მტკიცებით ფორმაში, რომ თითქოს, მე ვარ ეს ადამიანი და გვაყენებენ საშინელ შეურაცხყოფას და რაც მთავარია, ეს წერილები არის მუქარის შემცველიც. აყენებენ შეურაცხყოფას ჩემს გარდაცვლილ მშობლებს, ჩემს უსაყვარლეს მამიდას, წყევლა-კრულვასაც არ იშურებენ, სხვათა შორის.
მოკლედ, მე ვაპირებ შევიტანო საჩივარი კონკრეტული ადამიანების წინააღმდეგ, მე მათ სახელებსა და გვარებს აქ არ დავასახლებ, დიდი პატივი იქნება ამ ეთერიდან ჩემგან მათი სახელების და გვარების წარმოთქმა. მინდა, მივმართო ყველას, ჩემი ოჯახის გულშემატკივრებს, რომ მე ვარ ნანა ლორთქიფანიძე, რასაც ვამბობ ან ვწერ, ვაკეთებ, მხოლოდ ჩემი, ნანა ლორთქიფანიძის სახელით და არაფერში მჭირდება, რომ ამოვეფარო ფსევდო სახელს. მე და ჩემს ოჯახს ძალიან სერიოზული და მორალურიო ზიანი მოგვადგა და ამიტომ, მე ვუპასუხებ კანონის გზით. შესაბამისად ამ ადამიანებს, ცილისმწამებლებს, მოუწევთ, რომ სასამართლოში მტკიცებულებები წარადგინონ ჩემს წინააღმდეგ.