“მამაჩემის 7-წლიანი პატიმრობა არის პოლიტიკური განაჩენი. ადამიანის თავისუფლების შეზღუდვით თამაშის უფლება არავის აქვს” – ნინი მანჯგალაძე

19 hours ago 7

“სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივნის, პაატა მანჯგალაძის შვილი, ნინი მანჯგალაძე “4 ოქტომბრის საქმეზე” ანალიტიკურ-სამართლებრივ შეფასებებებს აკეთებს, კონკრეტული განმარტებებით და რიგ სამართლებრივ ნორმებზე, პრეცედენტებსა თუ ფაქტებზე მითითებით:

დღეს მინდა გაგიზიაროთ სამართლებრივი დეტალები, რომლებიც პირდაპირ საქმის მასალებიდან იკვეთება და რომლებიც პირველი ინსტანციის განაჩენს ყოველგვარ ლოგიკას აცლის. მარტო მე არ უნდა ვსაუბრობდე ამ უსამართლობაზე :))

1) სასამართლომ მამასთან მიმართებაში გამორიცხა 317-ე მუხლი.
ეს ნიშნავს, რომ თავად სასამართლომ ოფიციალურად დაადასტურა პაატა მანჯგალაძეს არანაირი მოწოდება კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ არ გაუკეთებია.

2) სასამართლომ მამასთან მიმართებაში ასევე გამორიცხა 222-ე მუხლი.
ამით სასამართლომ იურიდიულად აღიარა პაატა მანჯგალაძეს არ განუხორციელებია არანაირი ქმედება პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდების ან ბლოკირების მიზნით.

4 ოქტომბერს, თავად ბრალდებისვე მტკიცებით, არ მომხდარა არანაირი სხვა “ძალადობრივი აქტი”, გარდა პრეზიდენტის სასახლის ეპიზოდისა. თუ სასამართლო ამბობს, რომ მამა უდანაშაულოა დამხობის მოწოდებაში; თუ სასამართლო ამბობს, რომ მამა უდანაშაულოა სასახლის ეპიზოდში, და ამასთანავე საქმეში სხვა ინციდენტი საერთოდ არ არსებობს მაშინ მამამ სად, რა დააშავა? ან როდის რა დააორგანიზა?! რის საფუძველზე მიუსაჯეს მას 7-წლიანი პატიმრობა 225-ე მუხლის პირველი ნაწილით?

225-ე მუხლის პირველი ნაწილი გულისხმობს „ჯგუფური მოქმედების ორგანიზება ან ხელმძღვანელობა, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება“.

„ორგანიზატორობა“ იურიდიულად ნიშნავს, რომ შენ გაეცი კონკრეტული, პირდაპირი დავალება: „წადით, შეანგრიეთ, დაარტყით“. თუ პროკურატურა ამტკიცებს, რომ პაატამ დააორგანიზა რამე ძალადობა, ან სხვები გაგზავნა მის ჩასადენად, მაშინ დადოს თუნდაც ერთი მტკიცებულება რის საფუძველზე ამტკიცებს ამას და სად, როდის და რა ფორმით გასცა მამამ ძალადობრივი ბრძანება? (ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს!)

ამ ყველაფერს ემატება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ფუნდამენტური პრაქტიკა, რომელიც ჩვენს ზოგიერთ მოსამართლეს სამწუხაროდ „დავიწყებული“ აქვს. მაგალითისთვის:

„Batou შვეიცარიის წინააღმდეგ“ (2024 წლის გადაწყვეტილება) – სტრასბურგმა მკაფიოდ თქვა: ორგანიზატორის დასჯა მხოლოდ იმის გამო, რომ მან აქცია დაგეგმა, რომელიც შემდეგ არეულობაში გადაიზარდა, არის შეკრების თავისუფლების უხეში დარღვევა. პირი არ შეიძლება იყოს კრიმინალად მიჩნეული სხვების ქმედების გამო, თუ თავად ძალადობაში არ მონაწილეობდა.

„EZELIN საფრანგეთის წინააღმდეგ“ – დადგენილია, რომ აქციის მონაწილე და ლიდერი არ შეიძლება დაისაჯოს სხვების მიერ ჩადენილი გადაცდომების გამო, თუკი თავად პირი მშვიდობიანად მოქმედებდა.

„PRIMOV AND OTHERS რუსეთის წინააღმდეგ“ – ამ პრეცედენტით მკაცრად არის განსაზღვრული ბრალის ინდივიდუალიზაცია. პირს ვერ დააბრალებ მასობრივი არეულობის ორგანიზებას, თუ არ არსებობს კონკრეტული მტკიცებულება, რომ სწორედ მან გასცა ძალადობრივი ინსტრუქცია.

ასეთი უამრავი პრაქტიკა არსებობს. და თუ ამ პრაქტიკას მივუმატებთ იმას, რომ პაატას ძალადობას ან ძალადობრივ მოწოდებას თავად სასამართლოს ვერ ედავება, მივიღებთ ერთადერთ სიმართლეს: მამაჩემის 7-წლიანი პატიმრობა არის პოლიტიკური განაჩენი. ადამიანის თავისუფლების შეზღუდვით თამაშის უფლება არავის აქვს“, – წერს ნინი მანჯგალაძე სოციალურ ქსელში.

სრულად წაკითხვა