ტელეწამყვანი მაია ასათიანი სპეციალურ მიმართვას ავრცელებს:
“რაც შვილი გარდამეცვალა, საკმარისია 10-15 წლის წინანდელი ჩემი ფოტო დავდო, საერთოდ სხვანაირი მზერა რომ მაქვს და სხვანაირად რომ გამოვიყურები, აუცილებლად უნდა შემოვარდეს რომელიმე ქალბატონი, ან ქალბატონების გუნდი, ყოველთვის ქალბატონები არიან, თავიანთი სოციალური ქსელის კედელზე ქმარ-შვილთან ერთად ჩახუტებული ფოტოები და ხატები უდევთ და აუცილებლად უნდა დამიწერონ – “რა კარგი იყავი მაშინ და რას დაემსგავსე ახლა”.
ქალბატონებო, დედამიწის ზურგზე არ მოუგონიათ ჯერ წამალი, რომ 10 წლის სხვაობით ადამიანს ასაკი არ დაეტყოს. თან ამ 10 წლის მანძილზე ჩემს ცხოვრებაში რაღაცები მოხდა და თქვენ რომ თქვენი შვილების ფოტოებს დებთ ინსტაგრამზე და ფეისბუქზე, მე ვდებ ძაღლების ფოტოებს. უფრო უკეთესად და უფრო სასტიკად როგორ აგიხსნათ?! ზუსტად თქვენნაირი ქალები იმ 10 წლის წინანდელ ფოტოებზე მიწერდნენ ზუსტად იგივეს – “რას გავხარ!” ამიტომ თუ თვითშეფასება გიმაღლდებათ შვილმკვდარი ქალის გარეგნობის ლანძღვით, პრობლემა არის თქვენში. პირველი: მიდით ფსიქოლოგთან, მეორე: კარგად ჩაიხედეთ სარკეში და დაჯექით დიეტაზე. მესამე: იმუშავეთ საკუთარ თავზე. თუ სამსახური არ გაქვთ, მეც არ მქონდა სამსახური, მაგრამ დავიწყე ახალი ცხოვრება და მოვიგონე ჩემი საქმე. ძალიან ბევრი ვიმუშავე საკუთარ თავზე, რომ შვილის გარდაცვალების შემდეგ ფეხზე დგომა, ღიმილი და ცხოვრების ხალისი დამბრუნებოდა. თუ თქვენი თავი არ მოგწონთ, იზრუნეთ და იმუშავეთ იმაზე, რომ სარკეში ჩახედვის შემდეგ თქვენი თავი მოგეწონოთ და სხვისი გარეგნობის ლანძღვით ერთწამიანი დიდება არ გქონდეთ საკუთარ თავთან.
დანარჩენებს მინდა გთხოვოთ, არ დამიწყოთ ჭკუის სწავლება: “რას უხსნი და რატომ უხსნი”. თუ ამდენი კაციჭამიადან ერთი მაინც გაიგებს ამ ყველაფერს, ჩემი მისია შესრულებულია. მე ვარ 48 წლის შვილმკვდარი ქალი, რომელმაც 4 წლის წინ მისი მთავარი საქმე დაკარგა, ყოველდღე ვვარჯიშობ, თავზე ვზრუნავ, ჩემი ცხოვრების ახალი საქმე დავიწყე და ძალიან მომწონს როგორც გამოვიყურები.
არ შემეძლო არ მეპასუხა. ერთი ადამიანი მაინც თუ გადარჩება და ადამიანის ხორცის ჭამას თავს დაანებებს, ჩათვალეთ, რომ ჩემი მისია შესრულებულია.”