„სამწუხაროდ, ძალიან მალე დავრწმუნდი, რომ კონკრეტული ადამიანები ცდილობენ, ჩემი რესურსი და გულწრფელი სურვილი საკუთარი პოლიტიკური ინტერესების დაკმაყოფილებისთვის, ინსტრუმენტად გამოიყენონ. მეორე მხრივ, დავრწმუნდი, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატი, ბატონი ზამურ ჭითანავა, გამარჯვების შემდეგ მართლაც იზრუნებს ბოლნისის განვითარებასა და მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ინტერესების დაცვაზე“, - აცხადებს მერობის ყოფილი კანდიდატი.
„ქართული ოცნების“ კანდიდატი ბოლნისში ზამურ ჭითანავაა. ქვემო ქართლის სხვა მუნიციპალიტეტებისგან განსხვავებით, ბოლნისში, ხელისუფლებაში მყოფმა პარტიამ მერის მოვალეობის შემსრულებელი კანდიდატად არ დაასახელა.
ასეფ ჩირაგოვის ამ გადაწყვეტილების შემდეგ „ქართულ ოცნებას“ ბოლნისში კონკურენტი არ ეყოლება.
- ჯამში 64 მუნიციპალიტეტიდან 26-ში, „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ მერობის კანდიდატებს 4 ოქტომბერს დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებში კონკურენტები არ ჰყავთ;
- „ლელო - ძლიერ საქართველოსა“ და „გახარიას საქართველოსთვის“ უკვე 29 მუნიციპალიტეტში არ ეყოლება მერობის კანდიდატი.
2025 წლის თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს უნდა გაიმართოს. ამ არჩევნებში დიდი ოპოზიციური პარტიებიდან მონაწილეობას აპირებენ „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“. მათ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიც გააფორმეს, რომლის მიხედვითაც საერთო კანდიდატებზე უნდა შეჯერდნენ. შეთანხმებული კანდიდატი იყო ბოლნისში ასეფ ჩირაგოვიც.
ამ არჩევნებში მონაწილეობაზე უარს ამბობენ „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „ფედერალისტები“ და ა.შ.
მეხუთე პრეზიდენტი, წინააღმდეგობის მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი სალომე ზურაბიშვილი, არჩევნების თემას „შემოგდებულს“ უწოდებს - რამაც „გახლიჩა ოპოზიცია და დაასუსტა პროტესტი“.