„წარდგენილ კანდიდატებთან დაკავშირებით აშშ-ის ადმინისტრაციის მხრიდან არსებობს დადებითი პოზიციები... ეს საკითხი პროცედურების შესაბამისად გადაწყდება და უახლოეს ხანებში ჩვენ გვეყოლება ამერიკის შეერთებულ შტატებში ელჩი, რაც რა თქმა უნდა, ორმხრივ ურთიერთობებს კიდევ უფრო გააძლიერებს“, - თქვა ამერიკაში ვიზიტით მყოფმა ლევან დავითაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში.
ვის განიხილავს „ქართული ოცნება“ აშშ-ში ელჩად, უცნობია.
აშშ-ში საქართველოს ბოლო ელჩი დავით ზალკალიანი 2024 წლის 30 ნომბერს გადადგა. ამას წინ უსწრებდა ქართველი დიპლომატების ნაწილის მხრიდან თანამდებობის დატოვება და საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ გავრცელებული განცხადება, რომელიც მოჰყვა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას (მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში აღარ დაეყენებინათ ევროკავშირთან გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების გახსნის საკითხი).
ზუსტად 30 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ საქართველოსთან მრავალწლიან პარტნიორულ ურთიერთობას აჩერებდა. ეს გადაწყვეტილება დროში დაემთხვა დედაქალაქში მიმდინარე პროევროპულ აქციებს, რომელთა მონაწილეებსაც პოლიცია ფიზიკურად უსწორდებოდა. აქციებზე იძალადეს ჟურნალისტებზეც - ამ დრომდე არცერთი პოლიციელი არაა დაკავებული.