ლეგიონერები | კბილაშვილმა 6 გოლი გაიტანა, კალანდაძემ და ცხოვრებაძემ – 4-4

1 week ago 15

ევროპის ქვეყნების ჩემპიონატებში ქართველმა ხელბურთელებმა მორიგი მატჩები გამართეს, გთავაზობთ მათ მონაგარს.

რუმინეთის ჩემპიონატში „ტურდამ“ საკუთარ მოედანზე „კლუჟი“ 35:32 დაამარცხა, რაშიც თავისი წვლილი საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კბილაშვილმა შეიტანა, რომელმაც 6 გოლი გაიტანა და 1 „ასისტი“ მიითვალა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღით ადრე ხაზეინ რუსტამოვმა სამი გოლი გაიტანა „კონსტანტას“ შემადგენლობაში – მისი გუნდი „ბაია მარეს“ დაუზავდა – 25:25.

საფრანგეთის ჩემპიონატში ნიკოლოზ კალანდაძის „პროვანს ექსი“ 25:31 დამარცხდა „რენთან“. კალანდაძემ მორიგი შედეგიანი მატჩი ჩაატარა – 4 გოლი, 7 „ასისტი“.

„ტრემბლმა“ შინ „დიჟონშ“ 34:25 მოუგო. ერეკლე არსენაშვილის ანგარიშზე 3 გოლი.

ხორვატიის ჩემპიონატში ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო „ზაგრებმა“, რომელმაც „ჩაკოვაცს“ 36:24 სძლია და რეგულარული ჩემპიონატის A ჯგუფის ლიდერია. გიორგი ცხოვრებაძემ თავი 4 გოლითა და 1 „ასისტით“ გამოიჩინა.

გერმანიის რეგიონალლიგაში „ლუბენაუ“ საკუთარ მოედანზე 26:31 დამარცხდა „ვორპომერნთან“. მასპინძელთაგან თითო გოლი ირაკლი დიხამინჯიამ და აკაკი პატაშურმა გაიტანეს.

პოლონეთის ჩემპიონატში „ოსტორვიამ“ შინ „პიოტრკოვიანს“ 35:29 მოუგო – მასპინძელთა რიგებში მირიან გავაშელიშვილმა ითამაშა და ერთი გოლი გაიტანა.

სრულად წაკითხვა