კრემლი ჯერ არ ამბობს, ვინ მიიღებს მონაწილეობას უკრაინასთან მოლაპარაკებაში

5 hours ago 2

რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ უკრაინასთან თურქეთში დაგეგმილი მოლაპარაკებისთვის ემზადებიან, თუმცა, ჯერჯერობით არაფერს ამბობენ იმის შესახებ, თუ ვინ მიიღებს მონაწილეობას.

მოსკოვში დღეს, 13 მაისს გამართულ ბრიფინგზე კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსული მხარე განაგრძობს მზადებას მოლაპარაკებისთვის, რომელიც ხუთშაბათს(15 მაისს) უნდა ჩატარდეს.

ჟურნალისტების შეკითხვას, ვინ წარმოადგენს რუსეთს ამ მოლაპარაკებაზე, პუტინის პრესმდივანმა უპასუხა, რომ ამას გამოაცხადებენ, როგორც კი პრეზიდენტი საჭიროდ ჩათვლის.

10 მაისს დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის და პოლონეთის ლიდერებმა კიევში, უკრაინის პრეზიდენტთან ერთად იმსჯელეს სამშვიდობო პროცესის დასაწყებად ცეცხლის 30 დღით შეწყვეტის გეგმაზე და ერთობლივი სატელეფონო საუბარი ჰქონდათ აშშ-ის პრეზიდენტთანაც.

ამ მოლაპარაკებების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ საერთო პოზიციაა 12 მაისიდან ცეცხლის დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ შეწყვეტა მინიმუმ 30 დღით, რუსეთისგან პასუხს ელოდებიან და უარის შემთხვევაში სანქციების გამკაცრება იგეგმება.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ცეცხლის შეწყვეტის წინადადება უპასუხოდ დატოვა და განაცხადა, რომ მზად არიან 15 მაისს სტამბოლში პირდაპირი მოლაპარაკებების დასაწყებად. თავის მხრივ, პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ 15 მაისს პუტინს თურქეთში დაელოდება.

სრულად წაკითხვა