მიუხედავად იმისა, რომ გორი ქვეყნის ერთ-ერთი შედარებით მცირე ზომის მუნიციპალიტეტია, მის სივრცეში მიმდინარე ურბანული პროცესები სისტემურ პრობლემებს ნათლად აჩენს. მაგალითისთვის 2025 წლის 1-2 აგვისტოს შემთხვევაც საკმარისია, როდესაც, ნადირაძის ქუჩაზე კერძო სამშენებლო კომპანიის მიერ განხორციელებული სამუშაოების გამო 14 000-ზე მეტ აბონენტს ორი დღე წყალმომარაგება შეუწყდა.
ინციდენტმა არა მხოლოდ სოციალური მღელვარება გამოიწვია, არამედ პასუხისმგებლობის ცალკეული ეტაპებიც გააქტიურა და რამდენიმე პირს მუნიციპალიტეტში თანამდებობაზე უარი ათქმევინა. თუმცა ეს რეაქცია იყო სიმპტომური და არა სისტემური. ფაქტმა მძლავრად დაანახა საზოგადოებას, როგორია შედეგი მაშინ, როცა ადმინისტრაციული პროცედურები უგულებელყოფილია, გამჭვირვალობა კი მხოლოდ ფორმალური.
2022 წლიდან დღემდე გორის მუნიციპალიტეტში დაფიქსირებული ურბანული პროცესები კითხვებს, ადგილობრივი ხელისუფლების სამართლიანობისა და ეფექტურობის შესახებ, რიგით მოქალაქეშიც აჩენს. საჯარო დოკუმენტების ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ ქალაქის ხელმძღვანელობა მმართველობით პრაქტიკაში ხშირად ეყრდნობა მოდელს, რომელიც კორუფციული ნიშნების მატარებელია – დაწყებული უნებართვო მშენებლობებზე რეაგირების უუნარობით, დამთავრებული საჯარო ქონების გაუმჭვირვალე პრივატიზაციით.
მშენებლობები და მიწის პრივატიზაცია რეგულაციების გვერდის ავლით
ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო პრობლემა დაკავშირებულია სწორედ მშენებლობის ნებართვების მიკერძოებულ პრაქტიკასთან. გორის მერიის მიერ გაცემულ საჯარო ინფორმაციაში არაერთხელ ფიქსირდება ტერმინი “უნებართვოდ ნაწარმოები ობიექტი”, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მუნიციპალიტეტი ან ვერ ახერხებს სათანადო კონტროლს, ან მიზანმიმართულად არ ახორციელებს ზედამხედველობას. მაგალითისთვის, სოფელ ტყვიავში აშენებული სავაჭრო ობიექტი განხორციელდა ყოველგვარი ნებართვის გარეშე, თუმცა საჯარო რეაგირების მექანიზმი დაფიქსირებული არ არის.
მეორე მნიშვნელოვანი ტენდენციაა მშენებლობის ნებართვების კორექტირების მაღალწილიანი მაჩვენებელი. დეველოპერები ხშირად იღებენ სამშენებლო ნებართვებს დაბალი მოცულობის პროექტებზე, რომლებიც მცირე ანალიზს საჭიროებს, ხოლო მოგვიანებით იცვლიან პროექტის მასშტაბს. ასეთი პრაქტიკა არეგულირებს მშენებლობას უკიდურესად დაბალი ზედამხედველობით და ქმნის უპირატესობას იმ ბიზნესებისთვის, რომლებიც მჭიდროდ არიან დაკავშირებული ადგილობრივ მმართველობასთან.
არანაკლებ საყურადღებოა საჯარო ქონების პრივატიზაციის პროცესში დაფიქსირებული გაუმჭვირვალობა. 2025 წლის პირველ ნახევარში მიწის ნაკვეთების კონცენტრაცია განსაკუთრებით შეინიშნებოდა გორის ერთ-ერთ უბანში (სუხიშვილის ქუჩა). დოკუმენტებში არ იძებნება ინფორმაცია, რა ფასად გაიყიდა ეს ობიექტები ან როგორ განისაზღვრა საწყისი ფასი. აუქციონის შესახებ მონაცემები პრაქტიკულად მიუწვდომელია, რაც ქმნის საფუძვლიან ეჭვს ვარაუდისთვის, რომ ქონება შესაძლოა წინასწარ განსაზღვრული პირებისთვის გაიცა.
გაუმჭვირვალობა, როგორც სისტემური მექანიზმი
განსაკუთრებული ყურადღებაა გასამახვილებელი იჯარის ხელშეკრულებების ფორმაზეც. საჯარო დოკუმენტებში იძებნება შემთხვევები, სადაც იჯარით გაცემულია ისეთი არასტანდარტული ობიექტები, როგორიცაა გარე განათების ბოძები ან მიწისქვეშა გადასასვლელები. არანაირი ინფორმაცია არ იძებნება არც ქირის პირობებზე, არც ბენეფიციარებზე. მსგავსი პრაქტიკა ახასიათებს სქემებს, სადაც საჯარო რესურსები მინიმალურ ფასად გადაეცემა ახლობლებს, რეგულაციების გვერდის ავლით, რაც კლასიკური კორუფციული ნიშანია.
მერიის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტებში ხშირ შემთხვევაში არ იძებნება არც ტრანზაქციების ღირებულებები, არც კორექტირების დასაბუთება. ასეთ პირობებში საზოგადოებრივი კონტროლი პრაქტიკულად შეუძლებელია.
უცნობია ასევე თუ როგორ გამოასწორა გორის მუნიციპალიტეტმა ამ თემაზე გასულ წლებში სახელმწიფო აუდიტის მიერ მომზადებული ანგარიშების რეკომენდაციები, სადაც სამშენებლო ნებართვებისა და მიწების გაცემის პროცესში მთელი რიგი დარღვევები იყო გამოვლენილი. ამ ყველაფრის შედეგად იქმნება შთაბეჭდილება, რომ თვითმმართველობა ფაქტობრივად ფუნქციონირებს ჩრდილოვანი მმართველობის რეჟიმში — მოსახლეობის ინტერესებისა და კანონის გათვალისწინების გარეშე.
მიმდინარე მდგომარეობა სცდება ჩვეულებრივ ადმინისტრაციულ ნაკლოვანებებს და უკავშირდება სისტემურ უკუსვლას მმართველობის პრინციპებში.
სპეციალისტების შეფასებით, თუ გორის მუნიციპალიყტეტი უახლოეს მომავალში არ მიიღებს ახალი თვითმმართველობისგან მკაფიო, გამჭვირვალე და საზოგადოების ინტერესებზე ორიენტირებულ პოლიტიკურ კურსს, ქალაქს ემუქრება ურბანული გარემოს შეუქცევადი დეგრადაცია. კერძოდ, მშენებლობის კონტროლის სრული დაშლა, საჯარო ქონების ფარული გადანაწილება და მოქალაქეების გამორიცხვა გადაწყვეტილების მიღების პროცესიდან, რაც დემოკრატიის ჩამოშლის ერთ-ერთ ხელშემწყობ გარემოებად იქცევა.