კობახიძე ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობას „სამაგალითოს“ უწოდებს

1 hour ago 3

ჩინეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობებზე საუბრისას, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობას „სამაგალითო“ უწოდა.  

10 ივნისს გამართულ ბრიფინგზე კობახიძემ განაცხადა, რომ 2023 წელს სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ, ჩინეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები „ძალიან დინამიურად“ განვითარდა. მან, სხვა საკითხებთან ერთად, დაასახელა მაღალი დონის ვიზიტები, სავაჭრო ბრუნვა, უვიზო რეჟიმი, პირდაპირი ფრენები და საგანმანათლებლო სფეროში თანამშრომლობა,  და აღნიშნა, რომ 2023 წლიდან ცამეტი „მნიშვნელოვანი“ შეთანხმება გაფორმდა, ხოლო კიდევ ექვსი „საბოლოო განხილვის ეტაპზეა“.

„სრულიად თვალნათელია, რომ ეს არ არის სტრატეგიული პარტნიორობა ქაღალდზე, არამედ ის აისახება სრულიად კონკრეტულ სარგებელში ორივე ქვეყნისთვის. სწორედ ასეთი უნდა იყოს სამაგალითო სტრატეგიული პარტნიორობა ორ ქვეყანას შორის, რომელიც ურთიერთპატივისცემას, სამართლიანობასა და ღირსებას ეფუძნება და რომელიც ორმხრივ სარგებელზეა ორიენტირებული“, – განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ „რაც განსაკუთრებით დასაფასებელია, ჩინეთის ხელისუფლება ჩვენს ქვეყანას ეპყრობა როგორც თანასწორს და თანატოლს, რაც გლობალური პოლიტიკის არსებული მანკიერებების ფონზე, განსაკუთრებულად თვალშისაცემი და დასაფასებელია“.

მან აღნიშნა, რომ საქართველო „განსაკუთრებულ მნიშვნელობას“ ანიჭებს ჩინეთთან „თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას“, რომელიც, გასული 50 წლის გამოცდილების გათვალისწინებით, არის „ერთადერთი მშვიდობიანი სუპერსახელმწიფო მსოფლიოში“. „აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და ჩინეთის ხელისუფლებას მადლობას გადავუხდი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა კობახიძემ.

„ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების გაფორმება საფუძველს ჩაუყრის ახალ ეტაპს ქართულ-ჩინური ურთიერთობების გაღრმავების გზაზე, რაც ჩვენს ქვეყანას მნიშვნელოვან პოლიტიკურ და ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს“, – დასძინა მან.

This post is also available in: English

სრულად წაკითხვა