კობახიძე რუბიოსა და უილსონის განცხადებებს ეხმიანება და „პროირანულობის“ შესახებ ბრალდებებს უარყოფს

5 hours ago 3

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უარყო ბრალდებები, რომ საქართველოს მთავრობა „პროირანულია“, ასევე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს, განცხადება, რომ თითქოს საქართველოს ოფიციალურმა პირებმა ვაშინგტონს ჰკითხეს, რა იყო საჭირო ორმხრივი ურთიერთობების გასაუმჯობესებლად.

„მე სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ არც მე, არც რომელიმე ჩემს კოლეგას ასეთი კითხვა არ დაგვისვამს. შეიძლება ადამიანი რომ საუბრობს, რაღაც ან ისე თქვას, ან ისე თქვას, მაგრამ მე გეუბნებით, რა იყო ფაქტი. ფაქტი არის ის, რომ ჩვენ ასეთი კითხვა არასოდეს დაგვისვამს“, – განუცხადა კობახიძემ ჟურნალისტებს 4 ივნისს. „ჩვენ ვთქვით, რომ მზად ვართ განვიხილოთ ყველა დეტალი, რაც არის დაკავშირებული სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენასთან“.

ჩინეთთან და ირანთან საქართველოს ურთიერთობებზე საუბრისას, კობახიძემ განაცხადა, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია თავად ცდილობს უფრო ღრმა ჩართულობას დიდ სახელმწიფოებთან.

„აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია იწყებს საუბარს ურთიერთობების გადახედვაზე, მათ შორის რუსეთთან“, – განაცხადა მან.

კობახიძემ ასევე უარყო ბრალდებები, რომ საქართველო პრო-ირანულ ორიენტაციას ინარჩუნებს და გააფრთხილა ჟურნალისტები, რომ „თქვენ ნუ დახვალთ ჯო უილსონის და ეკა გიგაურის დონემდე. ეს არის ჩემი მოწოდება“.

კობახიძემ ასევე უარყო ბრალდებები, რომ საქართველო ირანს სანქციებისგან თავის არიდებაში ეხმარება და განაცხადა: „ჩვენი ექსპორტი ირანში არის 0,5 პროცენტი და იმპორტი არის 1,5 პროცენტი“.

კობახიძემ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ თბილისსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობები აშშ-ის წინა ადმინისტრაციის დროს გაუარესდა და აღნიშნა, რომ საქართველომ წინააღმდეგობა გაუწია გარე ზეწოლას.

„საქართველო არ არის სკოლის მოსწავლე, რომ საშემოდგომო გამოაყოლოს ვინმემ და გამოსწორება მოსთხოვოს, საქართველო არის ღირსეული სუვერენული სახელმწიფო და ეს მკაფიოდ დავაფიქსირეთ ყველგან“, – განაცხადა მან.

„უმძიმეს რამეს ითხოვდა აშშ-ის წინა ადმინისტრაცია ჩვენგან და ამას მოჰყვა შემდეგ ზეწოლა, წნეხი, შანტაჟი და ათასი უბედურება ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, რაც გაფუჭდა უსამართლობით, ის შეიძლება გასწორდეს მხოლოდ სამართლიანი მიდგომით“, – აღნიშნა კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ იგი ოპტიმისტურადაა განწყობილი  იმასთან დაკავშირებით, რომ „მოხერხდება სტრატეგიული პარტნიორობის განახლება საქართველოსა და აშშ-ს შორის. დანარჩენი დამოკიდებულია შემდგომ მოლაპარაკებებზე“.

This post is also available in: English

სრულად წაკითხვა