„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიცია და მთავრობის ოპონენტები რუსეთთან 2008 წლის ომის უგულებელყოფაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ისინი „რუსოფობებად“ მხოლოდ მას შემდეგ გადაიქცნენ, რაც მოსკოვმა 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო. მისი თქმით, დღევანდელი „რუსოფობია“ ყალბია და ეს კონკრეტული ფაქტებით დასტურდება.
2008 წლის აგვისტოს ომის 18 წლისთავთან დაკავშირებით 4 აგვისტოს „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ ვრცელ წერილში კობახიძემ კიდევ ერთხელ გააჟღერა მმართველი პარტიის დიდი ხნის ბრალდება, რომ ომი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა ხელისუფლებამ დაიწყო, რასაც, მისი თქმით, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია, ათიათასობით ადამიანის იძულებითი გადაადგილება და ასობით ადამიანის სიკვდილი და დაშავება მოყვა.
„ამ მასშტაბის ტრაგედიის ფონზე, აგვისტოს ომი „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმისა და მისი მიმდევრებისთვის 2008-2012 წლებში არ იქცა საკმარის საფუძვლად რუსეთის მიმართ რადიკალური განწყობის ჩამოსაყალიბებლად“, – განაცხადა კობახიძემ. „რეალურად, პირიქით მოხდა“, – აღნიშნა მან და დასძინა, რომ 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების შემდეგ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რუსეთთან ურთიერთობები უფრო მჭიდრო გახადა.
კობახიძის თქმით, მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსეთის მოქალაქეებს საზღვარზე „უშუალოდ ხვდებოდა“ და საქართველოში ტურისტული მოგზაურობისა და ბიზნესსაქმიანობისთვის „იწვევდა“. „ამავე პერიოდში ვიხილეთ რეჟიმის აქტიური ძალისხმევა რუსეთთან კულტურული და ჰუმანიტარული კავშირების გასაღრმავებლად, აგრეთვე „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მიერ საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა, მათ შორის, სტრატეგიულ სექტორებში რუსული კაპიტალის ჩართვის წახალისება, რამდენიმე წლის შემდეგ კი, რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმება“, – განაცხადა კობახიძემ.
„არც „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის წარმომადგენელთაგან და არც მათ მიმდევართაგან აღნიშნული პოლიტიკის მიმართ პროტესტი მაშინ არავის გამოუხატავს“, – აღნიშნა კობახიძემ. „მეტიც, ყველას გვახსოვს, როგორ მიესალმებოდნენ დღევანდელი მთავარი „რუსოფობები“ – ელენე ხოშტარია, ზურაბ ჯაფარიძე, მიშა მშვილდაძე და სხვები საქართველოში რუს ტურისტებს, რუსულ ფულს, რომელსაც მაშინ „სუნი არ ჰქონდა“ და რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული კავშირების გაღრმავებას“.
„ეს პოლიტიკური ძალები, მათთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა აქტიური მიმდევრები, რომლებიც გარედან მართულ აგენტურად – ერთიან რადიკალურ ძალად ჩამოყალიბდნენ და არაერთხელ დაამტკიცეს, რომ საქართველოში მხოლოდ გარე ძალების ინტერესების გატარებით არიან დაკავებულები, ანტირუსულ აგრესიას 2008-2012 წლებში არ შეუწუხებია. ქართულმა აგენტურამ რადიკალური ანტირუსული განწყობა მხოლოდ მას შემდეგ ჩამოიყალიბა, რაც რუსეთი უკრაინაში მეორედ შეიჭრა“, – განაცხადა მან.
„აშკარაა, რომ გლობალურ ომის პარტიას სწორედ დღეს მიმდინარე კონფლიქტის მასშტაბი სჭირდებოდა იმისთვის, რომ ომში ევროპა ჩაერთო და რუსოფობია აგენტურაში მსოფლიო მასშტაბით, მათ შორის, საქართველოშიც, უმაღლეს დონეზე გაეღვივებინა“, – აღნიშნა კობახიძემ.
„პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ მათი გაგებით, რუსეთი საქართველოს ნამდვილ ოკუპანტად არა საქართველოს, არამედ უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ იქცა“, – განაცხადა მან და ოპონენტები იმაში დაადანაშაულა, რომ მათ „საქართველოზე მეტად უკრაინაზე შესტკივათ გული, რადგან ასეთი დირექტივა აქვთ მიღებული“.
„ყველამ ვიცით, რომ როგორც წარსულში, ისე დღეს, აგენტურა საქართველოში გარე ძალების დავალებების შესაბამისად მოქმედებს და მათი სამშობლო არა საქართველო, არამედ „დიპ სტეიტია““, – განაცხადა კობახიძემ.
„ამ ფონზე, საინტერესოა, რატომ არ ჰქონდათ მათ დავალებული რუსოფობობა მაშინ, როდესაც ამის ყველაზე მძაფრი მიზეზი არსებობდა, ანუ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ და რატომ დაევალათ რუსოფობობა ახლა, როდესაც რუსული აგრესიის მსხვერპლი არა მათი ფორმალური სამშობლო, არამედ სხვა, თუნდაც მეგობარი ქვეყანა გახდა? ვფიქრობ, საზოგადოება ამ ალოგიკურობას ლოგიკურ ახსნას იოლად მოუძებნის“, – დასძინა მან.
This post is also available in:

1 hour ago
3







English (US) ·
Georgian (GE) ·