„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის ლიდერებს ღია წერილით მიმართა, რომელშიც მოუწოდა მათ, შეაფასონ კოპენჰაგენში განვითარებული „შემაშფოთებელი მოვლენები“, სადაც დანიის პოლიციამ პალესტინის მხარდამჭერი მცირე საპროტესტო აქცია დაარბია, ასევე „ღრმა ღირებულებითი კრიზისი“ ევროპაში და ზოგადად, საით მიჰყავს ევროკავშირი ამ გზას.
19 მაისს გამოქვეყნებული ღია წერილის ადრესატები არიან ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროპის საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა და ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა. წერილი იწყება იმით, რომ საქართველო „ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული ქვეყანაა“ და რომ ქვეყანა, როგორც ევროკავშირის კანდიდატი, „ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისკენ მიისწრაფვის“. წერილში ასევე ნათქვამია: „სამწუხაროდ, ევროპული ბიუროკრატიის მიერ საქართველოს მიმართ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, ცალმხრივად, თქვენი ინიციატივით, შეწყდა პოლიტიკური დიალოგი ჩვენს ქვეყანასთან, რის შემდეგაც არაერთხელ იქნა უარყოფილი ჩვენს მიერ შეთავაზებული დისკუსიისა და თანამშრომლობის ფორმატები“.
„როგორც ევროპული ცივილიზაციის ნაწილს და ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყანას, გვაქვს კითხვები იმ შემაშფოთებელ მოვლენებთან დაკავშირებით, რომლებიც შუაგულ ევროპაში, დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში განვითარდა და რომლებსაც, ვფიქრობთ, არაფერი აქვს საერთო არც ევროპასთან და არც ევროპულ ღირებულებებთან“, – ნათქვამია წერილში, რომელიც მოუწოდებს ევროკავშირის ლიდერებს, შეაფასონ კოპენჰაგენში მომხდარი „ძალადობა“.
წერილში, როგორც ჩანს, საუბარია კოპენჰაგენში 13 მაისს განვითარებულ მოვლენებზე, სადაც დანიის პოლიციამ, გავრცელებული ინფორმაციით, ხელკეტები და ძაღლები გამოიყენა ომის მოწინააღმდეგე აქტივისტების მცირე ჯგუფის დასაშლელად, რომლებიც გადაზიდვების კომპანია Maersk-ის ოფისში შესასვლელს ბლოკავდნენ და ისრაელთან სავარაუდოდ დაკავშირებული გადაზიდვების შეწყვეტას მოითხოვდნენ.
„იმ უმძიმესმა კადრებმა, სადაც ვიხილეთ, თუ როგორ საშინლად არბევს პოლიცია მშვიდობიან დემონსტრანტებს, საერთაშორისო საზოგადოებას ნათლად დაანახა შემაშფოთებელი რეალობა – თუკი წლების განმავლობაში ევროპა დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების, აგრეთვე სხვა ფუნდამენტური ღირებულებების დაცვის ეტალონად მიიჩნეოდა, დღეს სულ უფრო მკაფიოდ იკვეთება საპირისპირო ტენდენცია“, – ნათქვამია წერილში.
„როგორც ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირები, როგორ ფიქრობთ, სად მიჰყავს ევროპა იმ პროცესებს, რომლებიც დემოკრატიულ უკუსვლას, ეკონომიკურ სტაგნაციას, მიგრაციულ კრიზისს, ისტორიული მეხსიერების დაკნინებას, ეროვნული და სქესობრივი იდენტობების შესუსტებას და საზოგადოებრივი თვითმყოფადობის რღვევას უკავშირდება? როგორ აღმოჩნდა ევროპა, რომელიც მთელი მსოფლიოსთვის განვითარების, თავისუფლებისა და დემოკრატიის მაგალითად მიიჩნეოდა, ასეთ ღრმა ღირებულებით კრიზისში და ზოგადად, საით მიჰყავს ევროკავშირი ამ გზას?“
კობახიძის თქმით, „სამწუხარო და შემაშფოთებელი“ ფაქტია, რომ დღეს ევროკავშირი „ხშირად უგულებელყოფს საზოგადოების ბუნებრივ, კულტურულ და ისტორიულ საფუძვლებს“. „ჩნდება განცდა, რომ ევროპული სივრცე თანდათან შორდება იმ პრინციპებს, რომლებმაც ის მსოფლიოში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის სიმბოლოდ აქცია“, – ნათქვამია წერილში.
„საქართველო, ევროპული, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა თქვენგან მკაფიო პასუხს ელის – რა გეგმა აქვს ევროკავშირს, რა მიმართულებით ვითარდება მოვლენები გაერთიანების შიგნით და რა იქნება ამ შემაშფოთებელი პროცესების საბოლო შედეგი“, – ნათქვამია წერილში.
This post is also available in:

1 hour ago
1







English (US) ·
Georgian (GE) ·