მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის სამი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. შესაბამისი ნოტა გაეგზავნა მოლდოვაში რუსეთის ელჩს, ოლეგ ოზეროვს.
მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს გადაწყვეტილება დაეფუძნა "აშკარა მტკიცებულებებს ქმედებებისა, რომლებიც წინააღმდეგობაში მოდის დიპლომატიურ სტატუსთან". დიპლომატთა სახელები დაკონკრეტებული არ არის. როგორც გამოცემა The Insider-ი აღნიშნავს, მოლდოვაში რუსეთის საელჩოში დარჩება მხოლოდ ექვსი დიპლომატი და ტექნიკური პერსონალის 15-მდე წარმომადგენელი.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან სააგენტო TASS-ს შეატყობინეს, რომ კიშინიოვის გადაწყვეტილებას მოსკოვი "შესაბამის პასუხს" გასცემს.
მოლდოვის ინფორმაციისა და უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, ალექსანდრ მუსტიაცე ორშაბათს აცხადებდა, რომ რუსეთის საელჩოს ხელშეწყობით დნესტრისპირეთში გაიქცა დეპუტატი ალექსანდრ ნესტეროვსკი - რომელსაც ადანაშაულებდნენ კორუფციაში და პოლიტიკური პარტიების უკანონო დაფინანსებაში.
მუსტიაცეს მონაცემებით, ნესტეროვსკი 18 მარტს შევიდა რუსეთის საელჩოს ტერიტორიაზე. მისთვის განაჩენის გამოტანის დღეს, 19 მარტს, დილით, საელჩოს ტერიტორია დატოვა და ტირასპოლში გაემგზავრა მიკროავტობუსი დიპლომატიური ნომრებით.
"ჩვენ ვფლობთ მტკიცებულებათა მთელ საჭირო ბაზას ... ეს მასალები უკვე გადაეცა სამართალდამცავ ორგანოებს" - აცხადებს მუსტიაცე.
კიშინიოვში რუსეთის საელჩომ უარყო ინფორმაციისა და უსაფრთხოების სამსახურის ბრალდება ნესტეროვსკის გაქცევაში ხელშეწყობის თაობაზე.
სასამართლომ ნესტეროვსკის 12 წლით მიუსაჯა პატიმრობა.
დნესტრისპირეთი მოლდოვის ტერიტორიაზე მდებარე, მაგრამ კიშინიოვის კონტროლის მიღმა მყოფი ტერიტორიაა დნესტრის აღმოსავლეთ სანაპიროზე, რომლის მოსახლეობის დიდი ნაწილიც რუსულენოვანია.