“კიდევ ორი პოლიტპატიმარი გვყავს”, - თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე ბრალის წარდგენას დიღმის იზოლატორში ელიან

12 hours ago 5

16 აგვისტოს რუსთაველზე დაკავებული თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე ბრალის ოფიციალურად წარდგენას დიღმის წინასწარი დაკავების იზოლატორში ელიან. როგორც ადვოკატმა ომარ ფურცელაძემ განაცხადა ტელეკომპანია “პირველი” ეთერში, მათი დაკავების საფუძველი არ არსებობდა.

"საჯარო წყაროებიდან გავრცელებული ინფორმაციით, ვნახეთ არაერთი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია, რაც ბიჭების დაკავებას რომ გამორიცხავდა, ისეთი შინაარსის. ბუნებრივია, ყველა მსგავსი ინფორმაცია შემდეგ უნდა ვაქციოთ მტკიცებულებად და უნდა შევძლოთ გარკვეული ფორმით გამოძიებისთვის მიწოდება", - განაცხადა ადვოკატმა.

თორნიკე თოშხუას და მინდია შერვაშიძეს გამოძიება ყოფილ ფეხბურთელზე, ბექა გოცირიძეზე თავდასხმას ედავება, რომელიც “ქართული ოცნების” მხარდამჭერია და რაც დასტურდება მისი საჯაროდ გამოქვეყნებული ვიდეოებითაც.

აქტივისტების განცხადებით, თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე, რომლებიც რუსთაველის გამზირზე 1 აგვისტოს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით 16 აგვისტოს დააკავეს პარლამენტის წინ, პროვოკაციის მსხვერპლები არიან.

თვითმხილველების თანახმად, საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ბექა გოცირიძე, რომელიც, აქტივისტების თქმით, პირადი მიმოწერის დროს ემუქრებოდა აქციის მონაწილეებს, რუსთაველზე მივიდა და იქ მყოფებს შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

აქციის მონაწილეების თქმით, დაპირისპირების დროს ბექა გოცირიძეს ამოუვარდა დანა, რომელიც მათ პატრულის თანამშრომლებს გადასცეს.

გამოძიება ამ ეტაპზე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

17 აგვისტოს პროტესტის ორი მონაწილის დაკავებას განცხადებით გამოეხმაურა პარტია “დროა” - მათი აზრით, რუსთაველზე დაკავებულ თორნიკე თოშხუას და მინდია შერვაშიძის სახით საქართველოს კიდევ ორი პოლიტიკური პატიმარი ჰყავს.

“პირველ აგვისტოს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებს თავს დაესხა ცივი იარაღით (დანით) შეიარაღებული ივანიშვილის რეჟიმის დაქირავებული პროვოკატორი ბექა გოცირიძე. ის გინებით და ფიზიკური ძალის გამოყენებით დაუპირისპირდა პროტესტის მონაწილეებს. თავდასხმის დროს, გოცირიძეს დაუვარდა დანა, რომელიც აქციის მონაწილეებმა პოლიციას გადასცეს, რაზეც შედგა შესაბამისი ოქმი. მიუხედავად იმისა, რომ თავდასხმა გოცირიძემ განახორციელა, რეჟიმის პოლიციამ აქციის ის მონაწილეები დააკავა, რომლებმაც თავდასხმა მოიგერიეს”., - წერს "დროა".

პოლიტიკური პარტია სოლიდარობას და თანადგომას ვუცხადებთ პროტესტის დაკავებულ მონაწილეებს.

სრულად წაკითხვა