კაცმა 25 ადამიანის ფეისბუკი გატეხა და მათს მეგობრებს თანხას სთხოვდა - პოლიცია

1 month ago 13

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ფეისბუკზე 25 ადამიანის კუთვნილ პირად ანგარიშებზე უნებართვოდ შეღწევის ბრალდებით 23 წლის კაცი დააკავეს.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებული „ფეისბუქზე“ სხვადასხვა მოქალაქის პირად გვერდებს უნებართვოდ დაეუფლა - „ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით“.

კერძოდ, შსს-ის თანახმად, ბრალდებული მათი სახელისა და გვარების გამოყენებით, სხვადასხვა ადამიანს უკავშირდებოდა და თანხის სესხებას სთხოვდა.

გამოძიების თანახმადვე, ბრალდებული ამ სქემით რამდენიმე მოქალაქის თანხას დაეუფლა კიდეც.

სამართალდამცველები ამბობენ, რომ ამ ეტაპზე 25 დაზარალებული მოქალაქე გამოავლინეს.

ბრალდებული, - ინიციალებით ი.ო., - დააკავეს შიდა ქართლის პოლიციის თანამშრომლებმა.

მას ბრალად ედება „ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, კომპიუტერული სისტემის ხელყოფისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა“ (სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე პრიმა და 284-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულები).

მას 6-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

სრულად წაკითხვა