აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერ-მინისტრ მარკ კარნის უმასპინძლა ვაშინგტონში, თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში. მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრა მსოფლიო მედიის ყურადღების ქვეშ იყო ამ ორ ქვეყანას შორის გაჩენილი ღრმა ეკონომიკური და პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე.
ტრამპმა, რომელმაც სოციალურ მედიაში არაერთხელ მიანიშნა, რომ კანადა შეიძლება „51-ე შტატი“ გამხდარიყო, შეხვედრისას გაიმეორა, რომ კვლავ ამ აზრზეა, თუმცა დასძინა - „ტანგოს ორნი ცეკვავენო“.
თავის მხრივ, მარკ კარნიმ მიუგო რომ „კანადა არ იყიდება და არასდროს გაიყიდება“ და ამერიკელ კოლეგას პრაგმატული პარტნიორობისკენ მოუწოდა.
ტრამპისა და კარნის შეხვედრა ოვალურ კაბინეტში 45-წუთის განმავლობაში გაგრძელდა, და ის ორივე ლიდერის უფროსი მრჩევლების და მედიის თანხლებით მიმდინარეობდა.
ანალიტიკოსების შეფასებით, შეხვედრა მეგობრულ გარემოში ჩატარდა, კანადისა და აშშ-ის ლიდერებმა არაერთი ქათინაური გაცვალეს, თუმცა კონკრეტულ შედეგებზე არ ულაპარაკიათ. ჟურნალისტის შეკითხვაზე, შეუძლია თუ არა მარკ კარნის, რომ დონალდ ტრამპს აზრი შეაცვლევინოს კანადის წინააღმდეგ დაწესებულ ტარიფებთან დაკავშირებით, აშშ-ის პრეზიდენტმა მიუგო - „არა.“
ოვალური კაბინეტის შემდეგ აშშ-ისა და კანადის ლიდერებმა მოლაპარაკებები ლანჩზე გააგრძელეს - მედიის გარეშე.