„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 6 მაისს საქართველოს ხუთ რეგიონში ახალი სახელმწიფო რწმუნებულები დანიშნა.
კობახიძის გადაწყვეტილებით, მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობა – ალექსანდრე ზაგაშვილმა, შიდა ქართლში – სიმონ გულედანმა, სამცხე-ჯავახეთში – ზაალ გელაშვილმა, გურიაში – გიორგი ღურჯუმელიძემ, ხოლო ქვემო ქართლში – ლევან ხარაბაძემ დაიკავეს.
მათ დანიშვნას წინ უძღოდა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება რეგიონული განვითარების სამინისტროს დამოუკიდებელ სტრუქტურად ჩამოყალიბების თაობაზე, რაც, ოპონენტების თქმით, ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების წინ რეგიონებზე მმართველი პარტიის გავლენის გაძლიერებას ემსახურება. ეჭვები ნაწილობრივ ეფუძნებოდა „ქართული ოცნების“ თავდაპირველ გეგმას, რომ ახლადშექმნილი რეგიონული განვითარების სამინისტროს ხელმძღვანელად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი დაენიშნა. თუმცა, უთანხმოების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, მმართველმა პარტიამ მისი კანდიდატურა მოხსნა და სანაცვლოდ კახაბერ გულედანი წარადგინა.
ახლადდანიშნული რწმუნებულები დღეს „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრ კობახიძეს და „ქართული ოცნების“ რეგიონული განვითარების მინისტრ გულედანს შეხვდნენ.
„ქართული ოცნების“ მთავრობის ოფიციალური პრესრელიზის თანახმად, ირაკლი კობახიძემ რეგიონული განვითარების პროექტებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა „გამოცდილებით, პროფესიონალიზმითა და კეთილსინდისიერებით გამორჩეული ხელმძღვანელების“ საჭიროებას. მან ახლადდანიშნულ რწმუნებულებს წარმატება უსურვა.
ვინ ვინ არის?
მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებული, ალექსანდრე ზაგაშვილი, მუშაობდა როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში. 2017-2021 წლებში იგი ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი იყო.
შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი დღემდე გორის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა. სხვადასხვა დროს ის იყო გორის, კასპის, ქარელის და ხაშურის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე.
სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებული ზაალ გელაშვილი დღემდე ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ „ბაკურიანის განვითარების სააგენტოს” ზედამხედველობის სამსახურის უფროსი იყო. იგი ასევე მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში სხვადასხვა თანამდებობაზე.
გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე 2021 წლიდან დღემდე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა. სხვადასხვა დროს იგი მუშაობდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის პოზიციაზე, ასევე იყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე.
ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ ლევან ხარაბაძეს დღემდე შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პოზიცია ეკავა. სხვადასხვა დროს ის იყო გურიისა და სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილე, ასევე მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე თბილისის პოლიციის დეპარტამენტში.
This post is also available in: English