ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს კიდევ ერთი საინტერესო ინფორმაცია საქართველოს ფლორის კიდევ ერთ წარმომადგენელზე – 🌸 მოყვავილე მცენარე, რომელიც ქართველებს განსაკუთრებით გვიყვარს – იორდასალამი (პიონი):
იორდასალამის გვარი მრავალწლოვანი ბალახოვანი და ბუჩქოვანი მცენარეებითაა წარმოდგენილი. საქართველოში გავრცელებულია იორდასალამის 10 სახეობა: მათ შორის 2 კავკასიის ენდემური მცენარეა, 7 – საქართველოსი. მათ შორისაა ულამაზესი ქართლის (ველის) იორდასალამი, (Paeonia carthalinica Ketzch) დიდი მეწამული ყვავილებით, გავრცელების ძირითადი არეალი ქართლ–კახეთს მოიცავს, თუმცა მცირე პოპულაციები დასავლეთ საქართველოს ფერდობებზეც ფიქსირდება. გაზაფხულზე ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე ქართლის იორდასალამით დაფარული ველები შთამბეჭდავი სანახავია (ფოტო იხილეთ კომენტარებში).
საქართველოს სხვადასხვა კუთხეში იორდასალამს განსხვავებული სახელებით იცნობდნენ:
• ქართლში — „ტყის ყაყაჩო“,
• კახეთში — „გუგულის კაბა“.
იორდასალამს სამკურნალო მიზნებისთვის უხსოვარი დროიდან იყენებდნენ. ძველ ქართულ სამედიცინო ხელნაწერებში იორდასალამის ყვავილს აბუჯაჰლყაუნის, ფოთოლს კი, ასფარმურის სახელით მოიხსენიებენ. მას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ქართულ ფოლკლორშიც. მთის ტრადიციის მიხედვით, პიონის ყვავილებს კიდებდნენ ჩვილის აკვანთან, რაც მშვიდ ძილს, კოშმარებისა და ავი სულებისგან დაცვას უკავშირდებოდა, განსაკუთრებით გაზაფხულის ბუნიაობისას.
თუმცა, იორდასალამის ისტორია სცდება კავკასიას. პიონები ხშირადაა მოხსენიებული ბერძნულ მითოლოგიაში. ერთ-ერთი მითის თანახმად, პიონი ღმერთების მკურნალი იყო. სხვა წყაროში პიონია ნიმფაა, რომლის ამპარტავნობამ და სილამაზემ მრავალი მებრძოლი შეიწირა. ღმერთების რისხვამ იგი ყვავილად აქცია, რომლის ფურცლებიც ნაზი თავმომწონეობის სიმბოლოდ იქცა. იორდასალამს ფართოდ იყენებენ დეკორატიული მიზნებითაც და მისი ყვავილები ხშირად ამშვენებს საკარმიდამო ნაკვეთებს და ბაღებს.
თქვენს ბაღშიც ყვავის პიონი? რა ისტორია გაკავშირებთ ამ ულამაზეს მცენარესთან?

22 hours ago
3







English (US) ·
Georgian (GE) ·