14 მაისს, რუსეთისა და საქართველოს წარმომადგენლებმა მოსკოვში ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვის გაფართოების საკითხი განიხილეს, იტყობინება რუსული გამოცემა „იზვესტია“.
შეხვედრაზე ქართული მხარეს საქართველო-რუსეთის ბიზნესასოციაციის საბჭოს თავმჯდომარე ზაზა ნიშნიანიძე წარმოადგენდა, საბჭოს შექმნის შესახებ მედია წლის დასაწყისში წერდა. ნიშნიანიძე ქართული მსხვილი უძრავი ქონების მართვისა და განვითარების კომპანიის, "Meidan Group"-ის მფლობელია. ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი კი რუსი ბიზნესმენი და "გაერთიანებული მარცვლეულის კომპანიის "ხელმძღვანელი მარატ შაიდაევი.
"იზვესტია" წერს, რომ შეხვედრა „ეკონომიკაში კონსტრუქციული დიალოგის აგების მაგალითია“: „კავკასიის რესპუბლიკა, უპირველეს ყოვლისა, ცნობილია თავისი პროდუქციით, რომელიც წარსულში ხშირად იყო გაყალბებული და ამ პრობლემის ერთობლივად მოგვარებას აპირებენ“.
რუსულმა მხარემ შეხვედრაზე დოკუმენტაცია წარმოადგინა, რომელშიც საუბარია დაბალი ხარისხის ქართული პროდუქციის ამოღებაზე. მაგალითად, ირწმუნებიან, რომ რუსული მაღაზიებიდან ამოუღეს ქართული კონიაკის პარტია.
"დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენს შეშფოთებას საქართველოს ხელმძღვანელობას გადასცემთ“, - მიმართა შეხვედრის მონაწილეებს ვლადისლავ რეზნიკმა, საერთაშორისო ასოციაცია "Антиконтрафакт"-ის პრეზიდენტმა, კონიაკის, სპირტიანი და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელთა კავშირის თავმჯდომარემ.
მისი თქმით, თბილისს კონიაკის დისტილატის წარმოება შეუძლია, რომელიც დეფიციტიცაა რუსეთში. გარდა ამისა, მან „სიხარული გამოხატა, რომ საქართველო ვერ ჩართეს ანტირუსულ კამპანიაში“.
რუსული გამოცემა წერს რუსეთისა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვის ზრდაზე (2024 წელს მან 2,5 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა) და შენიშნავს, რომ საქართველო რუსეთში ღვინისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების, მინერალური წყლის, ლიმონათის, ასევე ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტს ახორციელებს, რუსეთი კი საქართველოში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების, გაზის, ფოლადის პროდუქტებისა და ხორბლის ექსპორტს.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს "ზემო ლარსის" საკონტროლო-გამშვები პუნქტის განტვირთვის და სავაჭრო ბრუნვის ნაწილის „სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტით“ გადატანის საკითხიც. საუბარი იყო ასევე „მისი მეშვეობით გადაზიდული ტვირთზე“ კონტროლის გამკაცრებაზე: „ქართულმა მხარემ პირობა დადო, რომ ამ მიზნისთვის უახლოეს მომავალში ახალ ლაბორატორიის მოწყობაზე“.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს შეთავაზება ქვეყნებს შორის რუბლსა და ლარში ურთიერთანგარიშსწორების დაწყების თაობაზე. მსგავსი იდეა მანამდეც განხილულა.
ეკონომიკის მინისტრმა, საქართველოს ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა მიმდინარე წლის იანვარში განაცხადა, რომ არაფერი იცის ხალი ბიზნესასოციაციის შესახებ. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსკოვსა და თბილისს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში, სახელმწიფოს არ შეუძლია დახმარება გაუწიოს რუსეთში ექსპორტზე ორიენტირებულ ბიზნესებს.
ადრე რუსეთი და საქართველო ეკონომიკურ საკითხებს გრიგორი კარასინსა და ზურაბ აბაშიძეს შორის შეხვედრების ფორმატში განიხილავდნენ, თუმცა, რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ქაჯაიას დანიშვნის შემდეგ, "ქართული ოცნების" ხელისუფლებას მსგავსი კონსულტაციების შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.