ივანიშვილის „შეურაცხმყოფელი ბანერების“ გამო დაკავებულთაგან ხუთს ჯარიმა, ოთხს კი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

5 days ago 34

26 ივლისს, თბილისში დაკავებულ ათ მომიტინგესა და აქტივისტს შორის, რომელთაც, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საჯარო სივრცეში „შეურაცხმყოფელი ბანერები“ ეჭირათ, ხუთს ჯარიმა, ხოლო ოთხს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. ბანერები „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ეხებოდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებმა, ზვიად ცეკვავამ და თორნიკე კაპანაძემ, საქმეები გაყვეს და განაჩენები 28 ივლისის საღამოდან 29 ივლისის გამთენიამდე პერიოდში გამოიტანეს. ჯარიმები 3 000 ლარიდან 6 000 ლარამდე, ხოლო პატიმრობის ვადა ხუთიდან ათ დღემდე მერყეობდა.

თორნიკე თოშხუა 3 000 ლარით დაჯარიმდა. ვასილ ბერიძეს, სანდრო სეხნიაშვილსა და მარინე ნანავას თითოეულს  5 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. მარიამ მეყანწიშვილი 6 000 ლარით დაჯარიმდა. ია მელითაურსა და ნატო ბოლქვაძეს ხუთდღიანი პატიმრობა, ხოლო შაკო ბაღდოშვილსა და ლაშა დგებუაძეს ათდღიანი პატიმრობა შეეფარდათ. თორნიკე ტიკარაძის შესახებ გადაწყვეტილების გამოცხადება გადაიდო.

ყველა მათგანი კვირა საღამოს, თავისუფლების მოედანზე, თბილისის საკრებულოს შენობის წინ დააკავეს და ბრალი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით წარუდგინეს, რაც „წვრილმან ხულიგნობას“ და „პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას“ გულისხმობს.

მათი დაკავების მომდევნო დღეს, 27 ივლისს, პოლიციამ იმავე ადგილას, ანალოგიური ბრალდებით კიდევ ერთი მომიტინგე, ნოდარ წიწრიაშვილი, დააკავა. სასამართლოს მის საქმეზე გადაწყვეტილება ჯერ არ გამოუტანია.

This post is also available in: English

სრულად წაკითხვა