„მზია ამაღლობელის მიერ ციხიდან გამოგზავნილი ძლიერი წერილი ყველასთვის განგაშის გამომაფხიზლებელი ზარი უნდა იყოს. საქართველო მარწუხებში ჰყავს მომწყვდეული ავტორიტარულ რეჟიმს, რომელსაც ზურგს უმაგრებს რუსეთში გამდიდრებული ოლიგარქი“, - წერს ის.
„დიდ ბრიტანეთს მნიშვნელოვანი როლი აქვს შესასრულებელი ქართული დემოკრატიის მხარდაჭერაში... „დროა, დიდმა ბრიტანეთმა გადადგას ნაბიჯი“, - წერს მაკკლირი პლატფორმა X-ზე.
„დაუწესეთ სანქციები ბიძინა ივანიშვილსა და მის ახლო მოკავშირეებს, მოითხოვეთ პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების გათავისუფლება და მხარი დაუჭირეთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ოცნების ასრულებაში“, - მოუწოდებს ის საკუთარ ხელისუფლებას.
მაკკლირის წინადადება და არსებული სანქციები
ჯეიმს მაკკლირი არის პარლამენტარი, ლიბერალ-დემოკრატთა პარტიის წარმომადგენელი, რომელიც აქტიურად მოითხოვს ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესებას.
მან 13 იანვარს წარადგინა თემთა პალატაში წინადადება ივანიშვილის სანქცირების მოთხოვნით. თუმცა ის ჯერ არ განუხილავთ და, ამასთან, მიღების შემთხვევაშიც, ის არასავალდებულო ხასიათის იქნება.
2024 წლის 19 დეკემბრის შემდეგ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფომ ფინანსური სანქციები აქვს დაწესებული „ქართული ოცნების“ მთავრობის რამდენიმე მაღალჩინოსნისთვის.
- 2024 წლის 19 დეკემბერს ბრიტანული სანქციები დაუწესდათ შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს და უწყების კიდევ ოთხ მაღალჩინოსანს, ალექსანდრე დარახველიძეს, სულხან თამაზაშვილს, ზვიად ხარაზიშვილს და მილერი ლაგაზაურს. მათგან შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს მხოლოდ ალექსანდრე დარახველიძეა დარჩენილი.
- 2024 წლის 2 აპრილს დიდმა ბრიტანეთმა დაასანქცირა ქართველო მოსამართლეები, ლევან მურუსიძე და მიხეილ ჩინჩალაძე.
- 2025 წლის 10 აპრილს სანქციები დაუწესდათ გენერალურ პროკურორ გიორგი გაბიტაშვილს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ბედოიძეს, გდდ-ს ხელმძღვანელის მოადგილე მირზა კეზევაძეს და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელ კარლო კაციტაძეს. ამ ფაქტიდან ერთ თვეში სპეციალური საგამოძიებო სამსახური გაუქმდა და საქართველოში გენერალური პროკურორი გამოიცვალა;
- წელს, 19 სექტემბერს კი ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს და ბიზნესმენ ლევან ვასაძეს - სანქცირების მიზეზებში დასახელებულია მათი მხარდაჭერა რუსეთისთვის უკრაინის ომში და მონაწილეობა დეზინფორმაციული ნარატივების გავრცელებაში.
მზია ამაღლობელის წერილი
პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტის, დამოუკიდებელი გამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელის წერილი „გარდიანში“, 27 სექტემბერს გამოქვეყნდა.
ის საუბრობს რეპრესიებზე, პოლიტიკურად მოტივირებულ დაპატიმრებებზე, - მის თუ სხვათა შემთხვევებში, - და იმაზე, თუ როგორ არ უნდა მიატოვოს ევროპამ საქართველო, რომელიც დემოკრატიისათვის იბრძვის.
„ჩვენ ადრეც ვმდგარვართ ეგზისტენციალური არჩევანის წინაშე. 1921 წელს საქართველოს ახალგაზრდა დემოკრატიული რესპუბლიკა რუსეთმა შთანთქა ქართველი ბოლშევიკების დახმარებით. ახალგაზრდობა მაშინაც თავდადებით იბრძოდა, თუმცა საბოლოოდ, მომდევნო 70 წლის განმავლობაში, ქვეყანა საბჭოთა ბატონობის აჩრდილმა მოიცვა.
ახლა კიდევ ერთხელ გვემუქრება ისტორიის გამეორება. რუსეთი კვლავ თავისი ორბიტისკენ მიგვაქანებს ისევ მთავრობაში მყოფი ჩვენივე კოლაბორაციონისტების დახმარებით. რეჟიმი სრულიად ემორჩილება ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ქონება რუსეთში დააგროვა და ახლაც რუსეთის ინტერესებისთვის იღვწის. რეჟიმმა უარი თქვა ევროპულ გზაზე და რუსული მმართველობის ინსტრუმენტები აითვისა: პროპაგანდა, რეპრესიები, კორუფცია და შიში.
მაგრამ საქართველო რუსეთი არ არის“, - წერს მზია ამაღლობელი.