თბილისში, „ქართული ოცნების“ პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრის მოადგილე ლინ ძის თანათავმჯდომარეობით, საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის მე-9 სხდომა გაიმართა. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ოფიციალური პრესრელიზის თანახმად, საუბარი შეეხო ვაჭრობის ზრდას, სატრანზიტო დერეფნებსა და ბაზარზე წვდომის გაფართოებას, მათ შორის თაფლის ექსპორტზე ახალ შეთანხმებას. მხარეებმა ასევე განიხილეს პირდაპირი ფრენების გაფართოების საკითხი და ხაზი გაუსვეს შუა დერეფნის სატრანზიტო მარშრუტის სტრატეგიულ მნიშვნელობას და საქართველოს როლს ამ მარშრუტის განვითარებაში.
„საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებამ მნიშვნელოვნად გააძლიერა ორმხრივი სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობა“, – განაცხადა დავითაშვილმა სხდომაზე. „საქართველო გახდა პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელმაც დააწესა თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ჩინეთთან და ამით ხაზი გაესვა საქართველოს სტრატეგიულ მნიშვნელობას, როგორც სავაჭრო პარტნიორისა და სატრანზიტო ჰაბის“.
კომისიის სხდომის მუშაობაში საქართველოს მხრიდან მონაწილეობდენ „ქართული ოცნების“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი სასანია, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე, ასევე საქართველოს ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში პაატა კალანდაძე და საქართველოს სავაჭრო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია.
დავითაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 2024 წელს 1.92 მილიარდ დოლარს მიაღწია. რაც 17%-ით მეტია წინა წელთან შედარებით. შედეგად, ჩინეთი საქართველოს მეოთხე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი გახდა.
ხაზი გაუსვა რა საქართველოს პოსტპანდემიურ გაჯანსაღებას, დავითაშვილმა განაცხადა, რომ საქართველომ შეინარჩუნა მაკროეკონომიკური სტაბილურობა და 2024 წელს ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 9.7% შეადგინა.
სხდომის შემდეგ დავითაშვილმა და ლინ ძიმ ერთობლივი კომისიის მე-9 სხდომის ოქმს მოაწერეს ხელი. კომისიის ფარგლებში ასევე ხელი მოეწერა ქართული თაფლის ჩინეთის ბაზარზე განთავსების ნებართვას, ამასთან, უახლოეს თვეებში დასრულდება მოლაპარაკება ფრინველის ხორცის ჩინეთის ბაზარზე განთავსების ოქმთან დაკავშირებით.
„ლევან დავითაშვილმა ჩინეთის დელეგაციის ხელმძღვანელი „თბილისის აბრეშუმის გზის“ მე-5 ფორუმზე მოიწვია, რომელიც მიმდინარე წლის 22-23 ოქტომბერს გაიმართება“, – ნათქვამია სამინისტროს პრესრელიზში.
2024 წლის მაისში ძალაში შევიდა საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს საშუალებას აძლევს ჩინეთში უვიზოდ 30 დღემდე ვადით დარჩნენ. 2023 წელს ორმა ქვეყანამ ოფიციალურად დაამყარა სტრატეგიული პარტნიორობა.
ასევე წაიკითხეთ:
- 15/01/2025 – ანგარიში ინფრასტრუქტურულ პროექტებში ჩინური კომპანიის ჩართულობის პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას
- 06/06/2024 – TI საქართველო: ანაკლიის პორტს საეჭვო რეპუტაციის ჩინური კომპანია ააშენებს
- 29/05/2024 – ეკონომიკის მინისტრმა ანაკლიის პორტის შესარჩევ კონკურსში ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი გამარჯვებულად გამოაცხადა
- 16/10/2023 – პეკინში საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის მე-8 სხდომა გაიმართა
This post is also available in: English (ინგლისური)