თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე იზა კელენჯერიძემ 7 მაისს ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე და მისი თანამოაზრე, ირაკლი პაპიაშვილი, დიდი ოდენობით თანხების მითვისებაში დამნაშავედ ცნო და, შესაბამისად, ცხრა და რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ორივე მათგანი ბრალდებებს უარყოფს, ხოლო მათი ადვოკატები განაჩენის გასაჩივრებას გეგმავენ.
ირაკლი პაპიაშვილი განაჩენის გამოტანისთანავე სხდომათა დარბაზშივე დააკავეს, რასაც ოჯახის წევრებისა და მხარდამჭერების მწვავე რეაგირება მოყვა.
ჩიკვაიძის დედამ, ეკა წერეთელმა, საქმეს პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა და განაცხადა, რომ ჩიკვაიძეს „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია აქვს. მისი თქმით, ჩიკვაიძეც და პაპიაშვილიც „სინდისის პატიმრები“ არიან.
38 წლის ჩიკვაიძე 11 მარტს დააკავეს. თავდაპირველად მას 50 000 ლარის გირაოს გადახდა დაეკისრა, მაგრამ მოსამართლემ გირაო წინასწარი პატიმრობით შეუცვალა. დაკავებიდან მეორე დღეს მან შიმშილობა დაიწყო, რომელიც 10 აპრილამდე გაგრძელდა.
დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩიკვაიძემ სოციალურ ქსელში ფოტოები და ვიდეოები გამოაქვეყნა, სადაც ამტკიცებდა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების თანამშრომლები მას მუდმივად უთვალთვალებდნენ. ჩიკვაიძის თქმით, იდენტიფიცირებულია „80 მანქანა და 110 ადამიანი”. მანამდე მან ასევე განაცხადა, რომ მისი მობილური ტელეფონი გატეხეს, რის შედეგადაც „ტელეფონი უწვეტ რეჟიმში არის დაკვირვების ქვეშ“.
დაპატიმრებამდე ერთი დღით ადრე მან ინტერვიუ მისცა ტელეკომპანია „ფორმულას“ და რუსულ დაზვერვასთან ბიძინა ივანიშვილის სავარაუდო კავშირებზე ისაუბრა. მაშინ მან არ ისაუბრა უფრო სერიოზულ საკითხებზე, რომლებიც, მისი თქმით, მას თავისი უსაფრთხოების დასაცავად გამოადგება და მხოლოდ იმ შემთხვევაში გაამჟღავნებს, თუ ციხეში მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება.
25 მარტს ჩიკვაიძემ დახმარებისთვის აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის საელჩოებს მიმართა და ელჩ რობინ დანიგანთან ან მის წარმომადგენელთან შეხვედრა ითხოვა. მან განაცხადა, რომ ორივე საელჩოს ჰქონდა ინფორმაცია მისი საქმის გაუმჟღავნებელი დეტალების შესახებ.
30 აპრილს გამართულ სხდომაზე ჩიკვაიძემ, რომელიც სასამართლოში ინვალიდის ეტლით მიიყვანეს, განაცხადა, რომ მას რამდენიმე პირი ესტუმრა, რომლებიც, მათივე თქმით, ფსიქოლოგები იყვნენ. ჩიკვაიძის თქმით, მათი მეშვეობით ბიძინა ივანიშვილმა შემოუთვალა, რომ ემხილებინა აშშ აქციების მოწყობასა და სხვა უკანონო ქმედებებში. იგი სასამართლო დარბაზიდან მას შემდეგ გააძევეს, რაც მოსამართლე კელენჯერიძეს „30 ვერცხლად გაყიდული მკვლელი დედაკაცი“ უწოდა.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English