„უმრავლესობის ფრაქციასთან კონსულტაციების შემდეგ ყველასთავის ცნობილია, რომ არჩევანი შეჩერდა ბატონ ზურაბ აბაშიძეზე. ზურაზე ბევრი ლაპარაკი მე მგონი, საჭირო არ არის. ყველამ იცის, რომ ჩვენი კოლეგაა, მისი გამოცდილება და პროფესიონალიზმი ყველამ კარგად ვიცით“, - თქვა გიორგი ახვლედიანმა, საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, რომელიც უძღვებოდა სხდომას.
თანამდებობაზე არჩევა მას კოლეგებმა მიულოცეს. აბაშიძემ მადლობა გადაუხადა „ქართული ოცნების“ ლიდერებს, მათ შორის პირველი დაასახელა პარტიის დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, შემდეგ კი ჩამოთვალა სხვა მაღალჩინოსნები.
საკრებულოს თავმჯდომარეობამდე ზურაბ აბაშიძე მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ის საკრებულოს წევრი გახდა 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე. მანამდე იყო ელჩი ყაზახეთში და პარლამენტის წევრი.
მისი პოლიტიკური საქმიანობა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაიწყო. სხვადასხვა დროს იყო:
- 2004-2005 იუსტიციის მინისტრის მოადგილე; იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის აპარატის უფროსი;
- 2005 - 2007 - ფინანსთა მინისტრის მოადგილე; მთავრობის აპარატის უფროსი; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საგანგებო მისიების მინისტრი;
- 2007 - 2008 - საქართველოს კონტროლის პალატის გენერალური ინსპექციის უფროსი;
- 2010 – 2012 - თბილისის საკრებულოს წევრი; თავმჯდომარის მოადგილე.
დღევანდელ სხდომაზე უფლებამოსილება შეუწყდა გიორგი ტყემალაძეს, საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს. ის 21 მაისიდან თბილისის მერის, კახა კალაძის მოადგილე გახდა.