„თვე-ნახევრის წინ ქოლ-ცენტრის ქართული „იმპერია“ რომ გამოვააშკარავეთ, ალბათ, გეგონათ, რომ ეს მათ თაღლითობას წერტილს დაუსვამდა. თუმცა, სხვაგვარად მოხდა“, -წერია სტატიაში.
5 მარტს ამ მედიაორგანიზაციებმა, სხვა 30-მდე საერთაშორისო მედიასთან თანამშრომლობით, გამოაქვეყნეს მასალა, რომლიდანაც ირკვეოდა, რომ საქართველოში რეგისტრირებული A.K. Group-ის თანამშრომლები ევროპელებსა და კანადელებს თბილისიდან ძარცვავდნენ. ამ საგამოძიებო მასალის გამოქვეყნებიდან ერთ კვირაში, 13 მარტს კი საქართველოს პროკურატურის მოთხოვნით, ქონება დაუყადაღეს იმ ადამიანებს, რომლებიც ფიგურირებენ ჟურნალისტურ გამოძიებაში.
„ამ სადამსჯელო ღონისძიებებმა „სკამერები“ ვერ შეაჩერა და თაღლითურ საქმიანობას მალევე მიუბრუნდნენ. ამას ადასტურებს გამოჟონილი შიდა ჩანაწერები, რომელიც OCCRP-ის პარტნიორმა, შვედური ციფრული სასამართლო ექსპერტიზის ჯგუფმა Qurium-მა მოიპოვა“, - წერია უკვე დღეს, 25 აპრილს გამოქვეყნებულ მასალაში.
მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით, ქართული ქოლ-ცენტრის 14 აგენტი მარტის ბოლოსაც აქტიურები იყვნენ და სულ მცირე 184-ჯერ დარეკეს:
„მტკიცებულება, რომელიც OCCRP-იმ და მისმა პარტნიორმა მოიპოვა, 25 მარტით თარიღდება. ეს ნიშნავს, რომ თაღლითებმა საქმიანობა მათი მხილებიდან რამდენიმე კვირაში უპრობლემოდ განაახლეს“.
ახალი ჟურნალისტური გამოძიების შესახებ რადიო თავისუფლება ცდილობს პროკურატურასთან დაკავშირებას. პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.
საერთაშორისო გამოძიების თანახმად, ევროპელებსა და კანადელებს თბილისიდან ძარცვავდნენ - თაღლითები მსხვერპლებს უკანასკნელ დანაზოგს ართმევდნენ, თავად კი ფუფუნებაში ცხოვრობდნენ.
გამომძიებელმა ჟურნალისტებმა ერთმანეთთან კოორდინაციით დაადგინეს საქართველოში მოქმედი თაღლითური ქოლ-ცენტრის ხელმძღვანელების და მათი ხელქვეითების ვინაობა.
დოკუმენტებით დგინდება, რომ:
- 6 ათასზე მეტ ადამიანს თაღლითებმა, 3 წლის განმავლობაში, თითქმის 36 მილიონი დოლარი წაართვეს.
- მსხვერპლთა შორის არიან სხვადასხვა ასაკის ადამიანები, მათ შორის - პენსიონერები.
ორი ტერაბაიტი მოცულობის გამოჟონილ ინფორმაციას 8 თვის განმავლობაში შეისწავლიდა 30-ზე მეტი საერთაშორისო მედიაორგანიზაცია, მათ შორის - OCCRP და მის ქსელში ჩართული სამი ორგანიზაცია საქართველოდან - “სტუდია მონიტორი”, “აი, ფაქტი” და “მმართველობის მონიტორინგის ცენტრი" (GMC). ეს მასალები წყარომ თავდაპირველად შვედეთის საზოგადოებრივ მაუწყებელს მიაწოდა.