თაღლითურ ქოლ-ცენტრში მომუშავეები, სავარაუდოდ, ისევ აგრძელებენ საქმიანობას – მონიტორი

1 hour ago 2

„სტუდია მონიტორმა“ თაღლითური ქოლ-ცენტრების მასშტაბური სქემის შესახებ ჟურნალისტური გამოძიების მეორე ნაწილი გამოაქვეყნა. ამ გამოძიებით ირკვევა, რომ პირები, რომლებიც თაღლითურ „ქოლ-ცენტრში“ მუშაობდნენ, სავარაუდოდ, ისევ აგრძელებენ საქმიანობას.

3 აგვისტოს, როცა ცნობილი იყო, რომ ჟურნალისტური გამოძიება უნდა გამოქვეყნებულიყო „მონიტორის“ Facebook გვერდი წაიშალა. მოგვიანებით, დაახლოებით 12 საათის შემდეგ, გვერდი აღდგა. „მონიტორი“ მომხდარს, წინა მსგავსი შემთხვევების მსგავსად, მათ საქმიანობას უკავშირებს.

გამოქვეყნებული მასალა არის იმ ჟურნალისტური გამოძიების გაგრძელება, რომელზეც 2025 წელს „სტუდია მონიტორმა“, OCCRP-იმ, „აი ფაქტმა“, „ფლანგვის დეტექტორმა“ და სხვა 30-მდე საერთაშორისო მედიასაშუალებამ იმუშავა.  A.K. Group-ზე მასალა 5 მარტს გამოქვეყნდა, რამდენიმე დღეში კი პროკურატურამ საქმის ფიგურანტებს – „ქოლ-ცენტრის“ ხელმძღვანელებსა და აგენტებს ქონება დაუყადაღეს. საქმეზე გამოძიება დაიწყო, თუმცა არავინ დაუკავებიათ.

„მონიტორის“ მიხედვით, ჯგუფში 85 ადამიანი მუშაობდა და მათ 2022-2025 წლებში ევროპასა და კანადაში 6 100-ზე მეტი ადამიანი გაძარცვეს და 35 მილიონ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღო.

A.K. Group-ს თბილისში მინიმუმ 3 ოფისი ჰქონდა – ქავთარაძის ქუჩაზე, შარტავას ქუჩაზე და დიღომში. პირველი გამოძიება ქავთარაძესა და შარტავს ოფისებს ეხებოდა, ახალ მასალაში კი „მონიტორი“ დიღმის ოფისის შესახებ ყვება, რომელიც მირიან მეფის 68 ნომერში მდებარეობს.

„მონიტორმა“ დიღმის ოფისში დააფიქსირა იმ აგენტების მანქანები, რომლებიც ქავთარაძის ოფისში მუშაობდნენ, მაგალითად – მიშა ბაირამოვის, ვალერიან გიგაურის. ოფისთან გადაიღეს ანჟელიკა ჩხაპელია, რუსულენოვანი აგენტი, ასევე ქეთევან მალაშხია, რომელიც A.K. ჯგუფის ფინანსური მენეჯერია, გიორგი გოტმანი, ასევე ბელარუსის მოქალაქე ლიტა, რომელმაც ჯგუფში მუშაობა უარყო.

AK ჯგუფის რეალური მმართველი, ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, აკაკი ქევხიშვილია, მირიან მეფის ქუჩაზე მისი ავტომობილებიც არაერთხელ დააფიქსირეს. „მონიტორმა“ გაარკვია, რომ ქევხიშვილის ავტომობილი ბესიკ კუპატაძეზეა გადაფორმებული.

მირიან მეფის ქუჩაზე AK ჯგუფის ოფიციალური დირექტორი და მფლობელი, მერი შოთაძეც ნახეს. მან „მონიტორის“ ჟურნალისტის კითხვებს არ უპასუხა.

„მონიტორის“ განცხადებით, მათ პროკურატურას 1 ივლისს მისწერეს, რომ A.K. Group-ს ხელმძღვანელები და თანამშრომლები რეგულარულად დადიან მირიან მეფის 68 ნომერში მდებარე ნომერში. „მონიტორი“ ამბობს, რომ უწყებიდან არ მიუღიათ პასუხი, გადაამოწმეს თუ არა, ხომ არ აგრძელებენ ჯგუფის თანამშრომლები თაღლითურ საქმიანობას.

ახალი ჟურნალისტური გამოძიების ანონსის შემდეგ ოფისი, სადაც AK ჯგუფის გაშიფრული აგენტები იკრიბებოდნენ, დაიხურა. ამჟამად შენობის ორივე სართული ქირავდება. ინფორმაცია ამის შესახებ „მონიტორს“ შენობის მფლობელმა დაუდასტურა.

იხილეთ ასევე:

სრულად წაკითხვა