თამაზ ჭილაძის გამოსაფხიზლებელი წერილი ქართველებს

1 month ago 4

მწერალმა თამაზ ჭილაძემ ქართველებს ძალიან მნიშვნელოვანი და საყურადღებო წერილი დაგვიტოვა:

“რამდენ სიკეთეს მოუტანდა რუსეთი ხალხებს, საერთოდ კაცობრიობას, თუკი როგორმე დაივიწყებდა იმ დამპყრობლურ პოლიტიკას, ყველა დროის ხელისუფლებამ ერთნაირად რომ მოახვია თავს და რის გამოც „ევროპის ჟანდარმი“, „ხალხთა საპყრობილე“ უწოდეს. ბუნებრივია, დღეს ეს ეპითეტები ისევ ამოტივტივდა ცხოვრების ზედაპირზე. რუსეთის დღევანდელი ხელისუფლება თავისი ანტიადამიანური დამოკიდებულებით, თუნდაც, საქართველოს მიმართ, უპირველეს ყოვლისა, რუსი ხალხის ღირსებას ამცირებს.

ზოგიერთი რამ, თუნდაც შეცდომა, ჩვენს სტუმართმოყვარე ბუნებასა და ტრადიციებს უნდა მივაწეროთ…
მე არ გამიგია ერი, რომელიც სტუმართმოყვარე არ იყოს. რა ამისთანა სტუმართმოყვარენი ვართ, რომ აგერ, თითქმის ორი საუკუნეა, ქვეყნის მოღიავებულ კარში, შვეიცარებივით, ქუდმოხდილები ვდგავართ და ერთსა და იმავეს გავიძახით: „მობრძანდით, გელით, გაშლილი ხელით!“-ო. ასეთი ხატი შექმნა ჩვენგან რუსმა დამპყრობელმა და შესანიშნავად გამოიყენა კიდეც და ეს, სხვათა შორის, ჩვენც ძალიან მოგვეწონა. განთავისუფლებულებიც, კარგა ხნის მანძილზე (დიდია ინერციის ძალა!) ყველას თვალებში შევციცინებდით, ყველას ანგარიშს ვუწევდით, გარდა საკუთარი თავისა. ამიტომ, სხვაც აღარ გვცემდა პატივს. სამართლიანობა მოითხოვს, აღვნიშნო, რომ ამჟამად საქმეს სხვანაირი პირი უჩანს. ღმერთმა თუ გვისმინა, ამ სამარცხვინო მდგომარეობას უსათუოდ დავაღწევთ თავს – მტერს მტერს დავარქმევთ და მოყვარეს – მოყვარეს. მაშინ, დამერწმუნეთ, მტერიც კი პატივს გვცემს.

ამბობენ, მომავალში საქართველო მაღალგანვითარებული ტურიზმის ქვეყნად გადაიქცევაო. ალბათ ასეც იქნება, ამისთვის ყველაფერი გვიწყობს ხელს – გეოგრაფიაც, ისტორიაც, კულტურაც, გარდა ორასწლოვანი მონობისგან შერყეული ღირსების გრძნობისა. სტუმარს ლაქიასავით კი არა, მასპინძელივით უნდა მოექცე. ამიტომ, ვიდრე სტუმრებს მივიღებდეთ, მასპინძლებად უნდა ჩამოვყალიბდეთ. ჩვენ ხომ ორასი წლის განმავლობაში ჩვენს სამშობლოში მასპინძელი არ ვყოფილვართ!

გავიხსენოთ, რომ ამ ქვეყნის ერთადერთი პატრონი ჩვენა ვართ, რომ თითოეული ჩვენგანი პატარა საქართველოა…”

სრულად წაკითხვა