თალიბანის ხელისუფლებამ ავღანეთში ჭადრაკის მატჩების გამართვა დაუდგენელი ვადით აკრძალა, „რელიგიური საფუძვლების“ მოშველიებით და განმარტა, რომ ჭადრაკი „აზარტული თამაშის“ ერთ-ერთი ფორმაა.
თალიბანის წარმომადგენელმა 11 მაისს განაცხადა, რომ შესაძლებელია, მიიღონ გადაწყვეტილება ავღანეთის სპორტის დეპარტამენტის ეგიდით ჭადრაკის თამაშის დაშვებაზე, თუმცა ვადა არ დაუზუსტებია.
ავღანეთის სათავეში დაბრუნების შემდეგ, 2021 წლის აგვისტოდან, თალიბანის მმართველებმა დააწესეს არაერთი აკრძალვა სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებზე.
თალიბანს რეგულარულად კიცხავს მსოფლიო თანამეგობრობა ადამიანის უფლებების უფრო სერიოზული დარღვევებისთვის, მათ შორის - ქალებისა და გოგონების ჩაგვრის გამო.
ავღანეთში ქალებსა და გოგონებს სპორტი აკრძალული აქვთ.
“შარიათის თანახმად, ჭადრაკი აზარტულ თამაშად არის მიჩნეული”, - ავღანეთის სპორტის დირექტორატის წარმომადგენელ ათალ მაშვანის ციტირებს სააგენტო “ფრანს პრესი”( AFP). მაშვანიმ აგრეთვე განაცხადა, რომ ავღანეთის ჭადრაკის ფედერაციას აქვს გარკვეული მოსაზრებები და “ვიდრე ეს მოსაზრებები იქნება განხილული, ჭადრაკის სპორტი ავღანეთში იკრძალება”.
ხეიბარ ფარაზიმ, ავღანეთის ჭადრაკის ფედერაციის მრჩეველმა, რადიო თავისუფლების ავღანურ (“რადიო აზადი”) სამსახურს განუცხადა, რომ ამ გადაწყვეტილებამ ის „უკიდურესად გააოგნა“. მისი თქმით, თალიბანის ძალაუფლებაში მოსვლის შემდეგ, სპორტის დირექტორატი ჭადრაკის ფედერაციას ოფიციალურად არ ცნობს, საორგანიზაციო საკითხების მომიზეზებითა და ხელმძღვანელობის არარსებობის გამო.
ფედერაციის ყოფილი ხელმძღვანელი ესმაილ ჯამშიდი საეჭვოდ ხდის თალიბანის არგუმენტს. მან რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ჭადრაკის „რელიგიური აკრძალვა არ არსებობს“.