თავისუფლება მზიას - ამაღლობელს რუსთავის ციხესთან დაბადების დღე მიულოცეს და აქცია გამართეს

2 hours ago 1

2025 წლის 12 მაისს - როდესაც დამოუკიდებელი მედიაგამოცემის, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, მზია ამაღლობელს 50 წელი შეუსრულდა, - პატიმრობიდან მისი გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა.

აქცია ორშაბათს საღამოს გაიმართა რუსთავში, მეხუთე (ქალთა) პენიტენციურ დაწესებულების მიმდებარედ, - თავდაპირველად შესასვლელთან, შემდეგ კი კოლონიისგან მოშორებით, შემაღლებულ ადგილას, საიდანაც კარგად ჩანს საპატიმრო, სადაც მზია ამაღლობელი იხდის სასჯელს.

დღეს საღამოს რუსთავის ციხესთან მივიდნენ ჟურნალისტები სატელევიზიო თუ ონლაინ მედიიდან, მედიის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლები, მზია ამაღლობელის თანამშრომლები, კოლეგები, აქტივისტები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები თუ მეგობრები.

ისინი ამ ადგილას შეიკრიბნენ იმ იმედით, რომ მზია ამაღლობელი თავის, ასევე თავისუფალი სიტყვისა და დამოუკიდებელი მედიის გულშემატკივრებს, რომლებიც მის გამხნევებას ცდილობენ და მის გათავისუფლებას ითხოვენ, საკნის ფანჯრიდან დაინახავს.

აქციის მონაწილეებმა ასევე გაუშვეს ფრანები, წარწერით „თავისუფლება მზიას“.

კოლეგების ცნობით, 12 მაისი ის თარიღია, რაც მზია ამაღლობელის ოფიციალურ დოკუმენტებში ფიქსირდება, თუმცა განსხვავდება რეალური დაბადების დღისაგან, - როგორც სსრკ-ში დაბადებული არაერთი ადამიანის შემთხვევაში. კოლეგებმა მას სოციალურ ქსელებში ასევე მიულოცეს რეალური დაბადების დღე, 10 მაისი.

მზია ამაღლობელი, რომელიც პირველ ჟურნალისტ ქალ პოლიტპატიმრად არის მიჩნეული, 11 იანვრიდან დაპატიმრებულია. მის პატიმრობას ევროკავშირი, მისი წევრი ქვეყნების უმეტესობის მთავრობები, საერთაშორისო უფლებადაცვითი და პრესის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები, - ისევე, როგორც საქართველოში არსებული მრავალფეროვანი პროდემოკრატიული მოძრაობის წარმომადგენლები, - პოლიტიკურად მოტივირებულად და უკანონოდ მიიჩნევენ.

ამაღლობელმა გასულ კვირაში სასამართლოში უჩივლა „ქართული ოცნების“ ლიდერებს, ირაკლი კობახიძეს, მამუკა მდინარაძესა და ასევე სოზარ სუბარს.

მისი ადვოკატების ცნობით, ამაღლობელმა 7 მაისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა ამ სამი პოლიტიკოსის მიერ სხვადასხვა დროს მედიაში ამაღლობელის შესახებ გაკეთებული განცხადებების ცილისწამებად მიჩნევა და იმავე საშუალებით აღნიშნული განცხადების უარყოფა.

სრულად წაკითხვა