- ლატვიის საელჩო საქართველში: „ლატვიის საელჩო ღრმად შეშფოთებულია ზურაბ ჯაფარიძის დაკავებით. ოპოზიციის მიმართ რეპრესიული ქმედებები პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებს!“
- ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო: „ოპოზიციური პარტია „გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის დაკავებით ღრმად შეშფოთებულები ვართ. დემოკრატიული უკუსვლა, სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ რეპრესიულ ქმედებებთან ერთად, მათ შორის უსაფუძვლო დაპატიმრებები, არსაითკენ მიმავალ გზაა. ჩვენი სოლიდარობა ზურაბ ჯაფარიძეს!“
ზურა ჯაფარიძე 22 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზშივე მოსამართლე ირაკლი შვანგირაძის გადაწყვეტილებით დააკავეს. მას ბრალად ედება „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიაში გამოუცხადებლობა.
მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარუდგინეს, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს. აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან ერთ წლამდე პატიმრობით.
„ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პერიოდის შესასწავლად საგამოძიებო კომისია 5 თებერვალს შექმნა. „ქართულ ოცნებას“ „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ აკრძალვა სურს. „კოლექტიურ ნაცმოძრაობაში“ იგი მოიაზრებს დიდ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბარიერი გადალახეს და რომლებიც არ ცნობენ მოქმედი ხელისუფლების ლეგიტიმაციას.
კომისიაში გამოუცხადებლობის გამო სისხლის სამართლის საქმე აღძრეს და აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდეს შემდეგ პოლიტიკოსებს: ნიკა მელიას (50 000 ლარი), მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს (50 000-50 000 ლარი), გივი თარგამაძეს (10 000 ლარი), ირაკლი ოქრუაშვილს (20 000 ლარი), ზურა ჯაფარიძეს (20 000 ლარი), გიორგი ვაშაძეს (50 000 ლარი), ნიკა გვარამიას (30 000 ლარი).
გირაო დათქმულ ვადაში არ გადაიხადა არც ირაკლი ოქრუაშვილმა - ის სასამართლო სხდომათა დარბაზში 14 მაისს დააკავეს. გირაოს თანხის გადახდას არ გეგმავენ არც ნიკა გვარამია და ნიკა მელია.