„ზიანდება ღვიძლი და მისი ფუნქციები და მთელი ორგანიზმისათვის ონკოლოგიური რისკები იზრდება – ჯანმრთელობის რისკის ფასად მირთმეული პროდუქტია…”

2 weeks ago 9

რატომ არ შეიძლება გამწვანებული კარტოფილის გამოყენება და რა ზიანის მოტანა შეუძლია სოლანინს ადამიანის ორგანიზმისათვის

თუ შენც შენიშნე, რომ შენს სამზარეულოში ან აგარაკის სათავსოში დიდხანს შენახულ კარტოფილს მწვანე ელფერი მიეცა, დროა, ყურადღება მიაქციო. ბევრი ფიქრობს, რომ ეს უბრალოდ ვიზუალური ცვლილებაა, მაგრამ სინამდვილეში ეს მნიშვნელოვანი სიგნალია.

მწვანე ფერის გაჩენა კარტოფილზე გამოწვეულია ქლოროფილის დაგროვებით, რაც ბუნებრივი პროცესია მზის შუქთან ხანგრძლივი კონტაქტის დროს. თუმცა, პრობლემა არ არის თავად ქლოროფილი — რეალური რისკი იმაშია, რომ ამ პროცესს თან ახლავს ტოქსიკური ნივთიერების, სოლანინის, გამრავლება. სოლანინი სწორედ ის კომპონენტია, რომელიც ჯანმრთელობისთვის საშიშია და შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა, თავის ტკივილი ან სერიოზული მოწამვლაც კი.

რატომ ხდება ეს?
როდესაც კარტოფილი სინათლეს იღებს, ის იწყებს მცენარის მსგავსად ქლოროფილის გამომუშავებას. ამავე დროს, მცენარეული თავდაცვის მექანიზმის შედეგად ვითარდება ტოქსინები, რომლებიც მისდამი მავნე ორგანიზმებისგან თავდაცვას ემსახურება — თუმცა, ეს ტოქსინები ადამიანის ორგანიზმისთვის მავნეა.

რა ვქნათ მწვანე კარტოფილის შემთხვევაში?
👉 არ ღირს მხოლოდ მწვანე ნაწილის მოჭრა და დანარჩენის გამოყენება.
👉 თუ კარტოფილის დიდი ნაწილი შეცვლილი ფერისაა ან აქვს მწარე გემო — უმჯობესია მთლიანად გადააგდო.
👉 შეინახე კარტოფილი ბნელ, გრილ და მშრალ ადგილას, შუქისგან სრულად დაცულად.

საუბრობს ექიმი ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი მარი მალაზონია გადაცემაში “პირადი ექიმი”:

„როდესაც სახლში დიდხანს გაქვთ კარტოფილი მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედების ქვეშ, ან სოფლად სათავსოში მზის სხივები აღწევს, მაშინ აღმოვაჩენთ, რომ კარტოფილის რაღაც ნაწილი გამწვანდა. ეს ძალიან საყურადღებოა იმიტომ, რომ მნიშვნელოვანია, რას ვხედავთ – დიახ, თვალით ვხედავთ მწვანე ფერს და ეჭვი გვაქვს, რაღაც ისე არ ხდება ამ პროდუქტში, როგორც მის შეუფერადებელ ნაწილში.

ეს სწორედ სოლანინის დაგროვების შედეგია. ხშირ შემთხვევაში, თუ ამ ნივთიერებამ დაგროვება დაიწყო, საყურადღებო მარტო მწვანე ნაწილი არ არის. საყურადღებოა მის ქვეშ მდებარე, ჯერ კიდევ ფერშეუცვლელი ნაწილიც იმიტომ, რომ ვიდრე სოლანინი მსგავს მწვანე შეფერილობას მოგვცემს, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია მისი თვალით შეუმჩნეველი დაგროვება იმიტომ, რომ ის თავის ეფექტს ინარჩუნებს. სოლანინი ადამიანისათვის მომწამვლავია. ერთხელ ასეთი პროდუქტის მოხმარება, ადამიანს, რა თქმა უნდა, საბედისწერო ზიანს არ მიაყენებს, მაგრამ თუ ჩვენ ვლაპარაკობთ ასეთი პროდუქტის სისტემატურ გამოყენებაზე, უდავოდ, ეს ჯანმრთელობის რისკის ფასად მირთმეული პროდუქტია. თუ კარტოფილი გაგვიმწვანდა, თავის მოტყუება საჭირო არ არის, რომ ცოტა სქლად გავფცქვნით და ეს პრობლემას მოხსნის. არა, რეალურად უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს ნივთიერება უფრო ღრმადაა. დადასტურებულია, სოლანინის ჭარბი მოხმარების შემთხვევაში, რამდენად ზიანდება ღვიძლი და მისი ფუნქციები და მთელი ორგანიზმისათვის ონკოლოგიური რისკები იზრდება.“

author avatar

სრულად წაკითხვა