ზელენსკიმ ნიუ-იორკში ჩასვლისას სოციალურ ქსელში მოკლედ დაპოსტა ვიზიტის გეგმაზე და უპირველესად აღნიშნა სამიტი, რომელიც უკრაინელი ბავშვების დაბრუნებას შეეხება:
“ეს არის პირველი სამიტი ჩვენი “ბავშვების დაბრუნების კოალიციის” ლიდერების დონეზე და “ყირიმის პლატფორმის” წლიური სამიტი, რომელიც 2025 წელს პირველად გაიმართება გლობალურ პლატფორმაზე, რომ ხაზი გაესვას ამ ომით გამოწვეული ცვლილებების გლობალიზაციას - ომით, რომელიც რუსეთმა ყირიმში დაიწყო. ჩვენ გვახსოვს რუსეთის აგრესიის ძირები. ვაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, ომის შესაჩერებლად. ვმუშაობთ ყველა უკრაინელი ბავშვისთვის ხანგრძლივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. საჭიროა პარტნიორული მხარდაჭერა. ასეთი ახალი მხარდაჭერა ნამდვილად იქნება მიმდინარე დიპლომატიური კვირის შედეგი".
ნიუ-იორკში ვიზიტისას უკრაინის პრეზიდენტს ოცამდე შეხვედრა აქვს დაგეგმილი: "დატვირთული ორი დღეა წინ. უკრაინა უფრო უნდა გაძლიერდეს".
ნიუ-იორკში ვიზიტამდე უკრაინის პრეზიდენტი ესაუბრა ნატოს გენერალურ მდივან მარკ რიუტეს: "უმთავრესი ფოკუსი არის რუსეთის დაბომბვებისგან რეალურად დაცვის საჭიროება. უკრაინამ თავის პარტნიორებს გადასცა საჰაერო თავდაცვისთვის გადაუდებელ საჭიროებათა სია - სისტემები და რაკეტები, რომლებზე ხელმისაწვდომობასაც შეუძლია მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონიოს მოვლენებზე და შეზღუდოს რუსეთის ომის წარმოების უნარი", - წერს ზელენსკი, რომლის თანახმადაც, რიუტე უკვე შეუდგა აუცილებელ კომუნიკაციას სხვა პარტნიორებთან.
გასულ კვირაში როიტერსი, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, იუწყებოდა, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ დაამტკიცა უკრაინისთვის იარაღით დახმარების პირველი პაკეტი ახალი მექანიზმის ფარგლებში. ეს მექანიზმი გულისხმობს უკრაინისთვის ამერიკული იარაღის მიწოდებას ნატოს ქვეყნების დაფინანსებით. სააგენტოს წყაროების თანახმად, აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ელბრიჯ კოლბიმ დაამტკიცა 500 მილიონი დოლარის ტვირთის გაგზავნა.