ზელენსკი ადასტურებს, რომ მონაწილეობას მიიღებს ბერლინის მოლაპარაკებებში

7 hours ago 6

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ადასტურებს, რომ მონაწილეობას მიიღებს ბერლინში დანიშნულ მოლაპარაკებებში, რომლებიც შეეხება მის ქვეყანაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის დასრულებას.

"ახლა ვემზადებით მომავალ დღეებში შეხვედრებისთვის აშშ-ის მხარესთან და ჩვენს ევროპელ მეგობრებთან. ბერლინში ბევრი ღონისძიება იქნება" - ამბობს ზელენსკი ვიდეომიმართვაში.

გავრცელებული მოლოდინით, ორშაბათს ზელენსკი მონაწილეობას მიიღებს უკრაინის ეკონომიკის თაობაზე გამართულ შეხვედრაში გერმანიის კანცლერთან, ფრიდრიხ მერცთან. ჯერჯერობით გაურკვეველია ზელენსკი ბერლინში კვირას თუ ჩავა, აშშ-ის წარმომადგენელთან, სტივ უიტკოფთან შესახვედრად - იუწყება სააგენტო DPA.

ზელენსკის თქმით, უკრაინელი ექსპერტები ამჟამად მუშაობენ კიევის მხრიდან რუსეთთან მშვიდობისთვის მოთხოვნილი უსაფრთხოების გარანტიების დეტალებზე. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ეს მიემართება უკრაინისთვის სამართლიანი მშვიდობის დამყარებას და გარანტიას, რომ რუსეთი ამ ქვეყანაში ისევ არ შეიჭრება.

"მოლაპარაკებებაში ჩვენი, უკრაინული პოზიცია ძლიერია, რადგან ჩვენ ვინარჩუნებთ პოზიციებს ფრონტზე, იარაღის მრეწველობასა და შიდა სტაბილურობაში" - ამბობს ზელენსკი.

ბერლინში ასევე დაგეგმილია ომით დაზარალებული უკრაინის აღდგენის თაობაზე მოლაპარაკებები, უკრაინის ოფიციალურ პირებსა და აშშ-ის და ევროპის სახელმწიფოების წარმომადგენლებს შორის.

ვოლოდიმირ ზელენსკი აკრიტიკებდა ტრამპის მიერ თავდაპირველად შემოთავაზებულ, 28-პუნქტიან გეგმას, რადგან ის რუსეთის ბევრ მოთხოვნას მოიცავდა. ბერლინში გამართული შეხვედრების ფოკუსში იქნება აქტიური და კონსტრუქციული თანამშრომლობა ღირსეული შეთანხმებისთვის - ამბობს უკრაინის ლიდერი.

სრულად წაკითხვა