"ეს გადამწყვეტი მომენტია. ახლა მსოფლიოს შეუძლია დაინახოს ნამდვილად შესწევთ თუ არა მის ლიდერებს უნარი უზრუნველჰყონ ცეცხლის შეწყვეტა და მიაღწიონ ნამდვილ, ხანგრძლივ მშვიდობას" - ამას წერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თავის ოფიციალურ სოციალურ პლატფორმებზე.
უკრაინის პრეზიდენტი თვლის, რომ "მთელ მსოფლიოში ყველასთვის ცხადია, რომ ნამდვილი მშვიდობისკენ რუსეთს წაიყვანს მასზე ზეწოლა" და თუ რუსეთი მზად არ აღმოჩნდება შეწყვიტოს ხოცვა, მის მიმართ სანქციები უნდა გაძლიერდეს.
ზელენსკი ადასტურებს, რომ 19 მაისს ორჯერ ესაუბრა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს: პირველ ჯერზე ეს იყო ტრამპის პუტინთან საუბრამდე, ერთი ერთზე; მეორედ კი - საფრანგეთის, იტალიის, გერმანიის, ფინეთის ლიდერებთან და ევროკომისიის პრეზიდენტთან ერთად.
ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მან დღეს ტრამპს კიდევ ერთხელ დაუდასტურა მზადყოფნა სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის და რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის "ნებისმიერ ფორმატში, რომელიც შედეგებს მოიტანს". ის აღნიშნავს, რომ მოლაპარაკებების ჩატარების ადგილებად განიხილავს ყველა შესაძლო ვარიანტს: თურქეთს, ვატიკანს, შვეიცარიას.
უკრაინის პრეზიდენტი მნიშვნელოვნად თვლის მოლაპარაკებების პროცესში ამერიკისა და ევროპის ჩართულობას "შესაბამის დონეებზე" და ამასთან ხაზს უსვამს, რომ "უმნიშვნელოვანესია, აშშ არ დისტანცირდეს მოლაპარაკებებისა და მშვიდობისკენ სვლისგან, ვინაიდან ერთადერთი, ვინც ამით სარგებლობას, პუტინია".
ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ნათელია, რომ "თუკი რუსეთი უარს იტყვის ხოცვის შეჩერებაზე, უარს იტყვის ომის ტყვეებისა და მძევლების გათავისუფლებაზე, თუკი პუტინი წამოაყენებს არარეალურ მოთხოვნებს, ეს გვიჩვენებს, რომ რუსეთს სურს ომის გაჭიანურება და იმსახურებს, რომ ევროპამ, ამერიკამ და მსოფლიომ იმოქმედონ შესაბამისად, შემდგომი სანქციების დაწესების ჩათვლით".
19 მაისს შედგა აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების სატელეფონო საუბარი, რომელიც ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა და რომელსაც უკვე გამოეხმაურა როგორც დონალდ ტრამპი, ისე ვლადიმირ პუტინი.
თავდაპირველად პუტინის ვიდეოკომენტარი გავრცელდა, რომელშიც ის ლაპარაკობს რუსეთის მზადყოფნაზე იმუშაოს "უკრაინასთან მემორანდუმზე შესაძლო მომავალი სამშვიდობო შეთანხმების თაობაზე, რიგი პოზიციების განსაზღვრით - ისეთებისა, როგორებიცაა მაგალითად, მოგვარების პრინციპები, სამშვიდობო შეთანხმების შესაძლო დადების ვადები და ა.შ., შესაბამისი შეთანხმებების მიღწევის შემთხვევაში, ცეცხლის შესაძლო შეწყვეტის ჩათვლით“.
მალევე გამოქვეყნდა დონალდ ტრამპის განცხადებაც, რომელშიც ის მკაფიოდ აცხადებს, რომ "რუსეთი და უკრაინა დაუყოვნებლივ დაიწყებენ მოლაპარაკებებს ცეცხლის შეწყვეტის და რაც უფრო მნიშვნელოვანია - ომის დასრულების მისაღწევად".
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველმყოფ თანმხლებ ფაქტორად სანქციების გაძლიერებას ასახელებს და წერს, რომ სწორედ ამაზე ესაუბრნენ ევროპის ლიდერები 19 მაისს დონალდ ტრამპს.