ლა ლიგის მეხუთე ტურში გიორგი მიქაუტაძემ პირველად გამოიჩინა თავი „ვილიარეალის“ მაისურით. ქართველმა თავდამსხმელმა „ოსასუნას“ წინააღმდეგ გაიტანა და გუნდს გამარჯვების მიღწევაში დაეხმარა.
შეხვედრის შემდეგ „ყვითელი წყალქვეშა ნავის“ მთავარმა მწვრთნელმა მარსელინომ განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი მიქაუტაძის შესრულებას:
„თუ ვინმე მეტყოდა, რომ ჟორჟი პირველ გოლს თავით გაიტანდა სამი მაღალი მცველის წინააღმდეგ, ალბათ ვიტყოდი – ეს თითქმის შეუძლებელია. მაგრამ მან შეძლო. ჰქონდა სხვა მომენტებიც და ნამდვილად შეიტანა დიდი წვლილი თამაშში. დარწმუნებული ვარ, ბევრი გოლის გატანა შეუძლია, უბრალოდ საჭიროა დრო და მოთმინება,“ – აღნიშნა სპეციალისტმა.
მარსელინომ პარალელიც გაავლო სხვა ვარსკვლავებთან: „გასულ სეზონში მბაპესაც კი სირთულეები ჰქონდა. ამიტომ მთავარია მოთმინება. მე კმაყოფილი ვარ მისით და მიხარია, რომ ასე სწრაფად მოერგო გუნდს.“
მიქაუტაძისთვის ეს გოლი მნიშვნელოვანი ეტაპია – ქართველმა ფორვარდმა ლა ლიგაში თავისი სახელი უკვე დააფიქსირა და გულშემატკივრებს დამატებითი მოლოდინებიც გაუჩინა.