“TV პირველის” რესპონდენტის ინფორმაციით, პოლიციის მხრიდან მოქალაქეების წამების სხვა არაერთი ვიდეოც არსებობს.
დღეს ტელეკომპანიის ეთერში გასული სიუჟეტიდან ირკვევა, რომ ის 5 ვიდეოფაილი, რომელიც ტელევიზიამ უკვე აჩვენა, მათ 32 წლის IT სპეციალისტის, გიორგი კვიცარიძის ოჯახმა მიაწოდა.
ინტერვიუში გიორგი კვიცარიძის დედა ყვება, რომ მისმა შვილმა გატეხა პოლიციელების შიდა ბაზა/ჩატი და გადმოწერა 33 ვიდეოფაილი, სადაც ასახულია ახალგაზრდების მასობრივი წამება, სიგარეტის დაწვა სხეულზე და სექსუალური ხასიათის მუქარაც კი.
დედის მტკიცებით, მას შემდეგ, რაც პოლიციამ გაიგო, რომ კვიცარიძემ ეს ბაზა გატეხა, ის სასწრაფოდ დააკავეს და „ნარკოტიკი ჩაუდეს“. დედა აღნიშნავს, რომ პოლიცია ითხოვდა კომპიუტერის გადაცემას, სადაც ფაილები იყო შენახული, თუმცა ის უსაფრთხო ადგილასაა გადამალული.
კვიცარიძის დედა ამბობს, რომ თავის დროზე ამ კადრებით ვერც მოსამართლის [ქეთევან თხელიძე] და ვერც პროკურორის დაინტერესება ვერ შეძლო.
გიორგი კვიცარიძის ადვოკატი საუბრობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე შეკერილია და დაკავებისა და ჩხრეკის ოქმებში ფაქტობრივი მტკიცებულებები არ არსებობს.
დედა ყვება, რომ პროკურატურა მათ სთავაზობდა ე.წ. „საპროცესო გარიგებას“ და სასჯელის შემსუბუქებას იმის სანაცვლოდ, თუ ისინი კადრებს არ გაასაჯაროებდნენ. ოჯახმა შეთანხმებაზე უარი თქვა.
გიორგი კვიცარიძის დედა აცხადებს, რომ „შაბათის ეთერს“ მხოლოდ 5 ვიდეო გადასცა, თუმცა ინახავს კიდევ 27 მძიმე ფაილს, რომლებსაც პერიოდულად გამოაქვეყნებს, რათა საზოგადოებამ დაინახოს პოლიციის განყოფილებებში არსებული სისტემური დანაშაულის რეალური მასშტაბი.

1 day ago
5







English (US) ·
Georgian (GE) ·