„ევროკავშირი მკაცრად გმობს ცნობილი ქართველი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის მიმართ გამოტანილ განაჩენს, რომლითაც მას 2 წლით პატიმრობა მიესაჯა და ღრმა შეშფოთებას გამოხატავს სასამართლო სისტემის ინსტრუმენტალიზაციის გამო, დამოუკიდებელი ხმების წინააღმდეგ მის რეპრესიის იარაღად გამოყენებასთან დაკავშირებით“, - აცხადებს ევროკავშირი.
„მედიის თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლების უფლება ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედია. ჟურნალისტებს უნდა შეეძლოთ თავიანთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამუშაოს შესრულება დევნის ან გაუმართლებელი შეზღუდვის შიშის გარეშე. ხელისუფლების ქმედებები, რომელიც მიმართულია დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ და მისი გაჩუმებისკენ, სწორედ დემოკრატიის საფუძველს უთხრის ძირს, არ შეესაბამება საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს და საქართველოს მოსახლეობის ევროპულ მისწრაფებებს ეწინააღმდეგება“, - წერია 6 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში.
„მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს მზია ამაღლობელი და ასევე უსამართლოდ დაკავებული პირები, უზრუნველყოს და დაიცვას სამართლიანი სასამართლოს უფლება, როგორც მართლმსაჯულების ფუნდამენტური პრინციპი და დემოკრატიული მმართველობის არსებითი საყრდენი. ევროკავშირი გვერდში უდგას საქართველოს მოსახლეობას და მის ევროპულ მისწრაფებებს და სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერის ურყევად ერთგული რჩება“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
მზია ამაღლობელის მიმართ გამოტანილ სასამართლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ევროკავშირის პრესსპიკერმა რამდენიმე საათში გაავრცელა განცხადება.
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მიმართ გამოტანილ განაჩენს ერთობლივად გმობენ 24 ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობები და მას „არაპროპორციულს და პოლიტიზებულს“ უწოდებენ. ისინი ჟურნალისტის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ.
„ვგმობთ მზია ამაღლობელის მიმართ გამოტანილ არაპროპორციულ და პოლიტიზებულ განაჩენს, რომლითაც მას 2 წლით პატიმრობა მიესაჯა“, - წერია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ 24 ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობები.
რადიო თავისუფლებასთან საუბარში უფლებადამცველ ამალ კლუნისა და მსახიობ ჯორჯ კლუნის ფონდი, - „კლუნების ფონდი სამართლიანობისათვის“, - „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის განაჩენს აკრიტიკებს.
„ცნობილ ჟურნალისტზე ეს არაპროპორციული სამართლებრივი თავდასხმა ხდება იმ დროს, როდესაც საქართველოს ხელისუფლება ფუნდამენტურ სამოქალაქო თავისუფლებებს საფრთხის ქვეშ აყენებს“.