ვგმობ მზია ამაღლობელის პოლიტიზებულ განაჩენს - ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

6 days ago 2

„მკაცრად ვგმობ პოლიტიზებულ გადაწყვეტილებას ჟურნალისტ მზია ამაღლობელისათვის ორწლიან პატიმრობის შესახებ“, - აცხადებს ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იან ლიპავსკი.

ის აღნიშნავს, რომ მზიას ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა პატიმრობაში გაუარესდა.

„მისი საქმე ასახავს საქართველოში მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე მზარდ ზეწოლას. ჩეხეთი სოლიდარობას უცხადებს და მოუწოდებს ყველა უსამართლოდ გასამართლებული პირის გათავისუფლებისკენ“, - დაწერა მინისტრმა ლიპავსკიმ 8 აგვისტოს პლატფორმა X-ზე.

6 აგვისტოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოცხადებული განაჩენით ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯა ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი, დამოუკიდებელი ონლაინგამოცემების, „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელსა და დირექტორს, მზია ამაღლობელს.

მოსამართლემ ჟურნალისტისთვის წაყენებული მძიმე ბრალი შედარებით მსუბუქ მუხლად (353-ე პრიმა მუხლის ნაცვლად, 353-ე მუხლის პირველი ნაწილი) გადააკვალიფიცირა.

სახელაშვილს ამაღლობელის ჯარიმით გათავისუფლება შეეძლო, თუმცა ეს არ გააკეთა.

მზია ამაღლობელი ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციაზე 11 იანვარს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს, შემდეგ კი გამოუშვეს და რამდენიმე საათში, - უკვე 12 იანვარს, - ხელახლა დააკავეს, ამჯერად სისხლის სამართლის წესით, პოლიციელ ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო, რაც იურისტების შეფასებით, საქმის გარემოებებთან შეუთავსებელია და მხოლოდ პოლიტიკურ მოტივზე მიანიშნებდა. ბრალი, რომელიც მზია ამაღლობელს ჰქონდა წაყენებული, „სამართალდამცავზე თავდასხმა“, თავისუფლების 4-დან 7 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებდა.

სასამართლო სხდომებზე დადასტურდა, რომ ირაკლი დგებუაძეს მზია ამაღლობელის სილით ტკივილი არ განუცდია - ეს დაადასტურეს როგორც სასამართლო ექსპერტიზამ, ისე ჟურნალისტის ადვოკატების დაკვეთით ჩატარებული კვლევის ავტორებმა.

მზია ამაღლობელისათვის ორწლიანი პატიმრობის მისჯა „მკაცრად დაგმო“ ევროკავშირმა, 24-მა დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ საქართველოში და შეშფოთება გამოთქვა არაერთმა საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ.

სრულად წაკითხვა